რატომ ვაშინებთ ხალხს და რატომ ვეუბნებით, რომ არის შანსი, „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. მე ამის შანსს ვერ ვხედავ, თუ საქართველოს მოსახლეობა არ გაგიჟდა, არ გადადგა ჭკუიდან და 55-მა პროცენტმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცა ხმა, - განაცხადა „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება.
„ჯერ ერთი, რატომ უნდა ვენდოთ გამარჯვებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, ასეთი რომც მოხდეს. აქ არანაირი გარანტიები არ იმუშავებს, გარანტია იქნება ერთადერთი ის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რაც გამორიცხავს ნებისმიერი პარტიის ერთმმართველობას, მათ შორის „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“, „ერთიანი საქართელოსი“ და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.