პარტია "ქართული ოცნების" წევრი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პროპოციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ აკაკი ზოიძემ პარლამენტის შენობაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მან აღნიშნული წინადადებით უკვე მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და პარტიის პოლიტსაბჭოს.
როგორც აკაკი ზოიძემ თქვა, თუ მისი წინადადება არ იქნება გაზიარებული, ის დატოვებს საპარლამენტო მანდატსა და პოლიტიკას.
"მოვისმინე რა, უმრავლესობის ლიდერის, მორიგი საკმაოდ ხისტი განცხადება, ვხედავ რა დესტრუქციული ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, მაგრამ იმავდროულად, ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას, პარლამენტის მიერ, 2020 წელსვე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად გააღრმავებს არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას.
ამითი უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე...
გადავწყვიტე, რომ უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის, პოლიტსაბჭოსთვის, რომ მათ მიიღონ ზომები უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.