ცნობილი მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს ნახატი "თეთრებში ჩაცმული ქალის პორტრეტი" ნიუ იორკში Christie's-ის აუქციონზე 5.8 მლნ დოლარად გაიყიდა.
როგორც აუქციონის სახლი, მიკრობლოგ Twitter-ზე წერს, ეს მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული მეორე ნახატია, რომელიც აუქციონებზე გაყიდულა.
ფრიდა კალომ ნახატი 1929 წელს შექმნა. მასზე გამოსახულია თეთრ კაბაში ჩაცმული გოგონა. როგორც Christie's-ის ვებგვერდზეა აღნიშნული, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ფრიდამ ტილოზე თავისი ამერიკელი მეგობარი და მხატვარი ბრაუნ ფოქსი დახატა, თუმცა ახალი გამოკვლევის თანახმად, "ამოუცნობი მენატურე", შესაძლოა, ყოფილიყო ფრიდას სკოლის მეგობარი, რუსი ემიგრანტი ელენა ბოდერი, რომელიც მხატვრის უახლოეს მეგობრად, მისი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.
კალომ ნახატი ცნობილ ფოტოგრაფს ლოლე ალვერეს ბრავოს აჩუქა. მას შემდეგ ფერწერული ტილო კერძო კოლექციებში ინახებოდა. აუქციონის სახლის მიერ ტილო 3-5 მლნ დოლარად იყო შეფასებული.
ფრიდა კალომ (1907-1954) ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში 100-ზე მეტი ნახატი შექმნა. სპეციალისტების ნაწილი მის მხატვრობას სიურეალიზმს მიაკუთვნებს. ფრიდა კალოს ნახატები მსოფლიოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ინახება.