ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ოპოზიციური პარტიების მიერ გამართული აქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის შეფასებით, ნაცმოძრაობის და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს.
„ეჭვი მაქვს, იქნებ ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება? რომ არ მივიღოთ ბიუჯეტი იმიტომ, რომ ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე, რომელიც ჩვენ შევადგინეთ მას მერე, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ამ ბიუჯეტის და იმ პროექტების ფონზე, რომლებსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, მითუმეტეს სტაბილურობის შენარჩუნების, მით უმეტეს, აღარ მინდა ვთქვა, მაგრამ იმ 9 წლის ფონზე, როდესაც ადამიანებმა გამოსცადეს სერიოზული რეპრესია, ამის ფონზე, ამათ რასაკვირველია ძალიან პატარა შანსი აქვთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი მასშტაბური პროექტები შემოგვთავაზა - განათლების სისტემის სრული რეფორმა, ახალგაზრდებისათვის ესოდენ მისაღები სისტემის აწყობა და ამ სისტემის გარდა კონკრეტულად, მატერიალურად თვალხილული წარმატება გერმანულ განათლების სისტემასთან ზიარებისა. კიდევ - ქალაქების აღდგენა ფერფლიდან, მუცოს აღდგენა, სხვადასხვა კულტურული პროექტი.
მისივე თქმით, არ შეიძლება არაფერი ითქვას ბიუჯეტზეც - მთავრობამ გამოძებნა საშუალება, რომ ძალიან ბევრი რესურსი გამოეყო სოციალურ თემებზე: მომავალი წლიდან მასწავლებლების დიდი ჯგუფი მიიღებს ღირსეულ ხელფასს, ასევე პოლიციელები, ჯარისკაცები, ყველა ადამიანი, ვინც ემსახურება ჩვენს უსაფრთხოებას, იზრდება დაბალი რგოლის უზრუნველყოფა ფინანსურად, მატერიალურად და ამასთან ერთად, კიდევ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი. ამ ფონზე ცალკე აღსანიშნავია საქართველოს უსაფრთხოების თემა - უძლიერესი, ინტენსიური წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.
„ბიუჯეტის ჩაგდება არის სახელმწიფოს ღალატი, ქვეყნის ღალატი და უკან დახევა, იმის გამო რომ იქ პიკეტირება ხდება. რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ. ვატყობთ, რა საკვირველია. ამასთანავე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ სახელმწიფოს და სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ გადარჩენის უფლება და გაცილებით უფრო მეტს. ასევე აქციაში მონაწილე იმავე 5 ათას თუ 6 ათას ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს სტაბილურ ქვეყანაში, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც იმავეს იტყვიან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, შექმნილ მდგომარეობაში საჭიროა ისეთი ნაბიჯები გადაიდგას როგორიც სახელმწიფოს სჭირდება.