"შენების მოძრაობის" ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან ე.წ გერმანული მოდელია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ საჭიროებს.
"პირველი, პოლიტიკური პარტია პარლამენტში იღებს იმდენ მანდატს, რამდენი ხმაც მიიღო პროპორციულად, ანუ პროპორციულობის პრინციპი გერმანულ მოდელში დაცულია, ის ძირითადი მოთხოვნა, რაც პროპორციულ არჩევნებს უკავშირდება. მეორე, მაჟორიტარული არჩევნებიც იმართება და კონკრეტულ ოლქებში მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შეებრძოლონ ერთმანეთს და გაიმარჯვონ. ანუ პროპორციულობის მოთხოვნა, რომელსაც მთელი საქართველო ითხოვს, გარდა ქართული ოცნებისა, გერმანულ მოდელში დაცულია და რის გამოც ეს პროექტი ჩააგდეს მაჟორიტარებმა თუ ივანიშვილმა, ესეც დაცულია, ანუ ყოველი ოლქის ამომრჩეველს ყავს თავისი კონკრეტული წარმომადგენელი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, ეს მოდელი აკმაყოფილებს როგორც პროპორციულის ასევე მაჟორიტარული მოდელის მომხრეების მოთხოვნებს:
"ამ მოდელით არგუმენტი არ რჩება არავის, თუკი შარზე არ არის და არ გვეუბნება, რომ არგუმენტები არ აინტერესებს და ძალაუფლება უნდა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.