იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. "ჯი-ეიჩ-ენი" ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება.
იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო.
საზოგადოებაში ისმის კითხვა: როგორ განვითარდა ასე უეცრად ე.წ. „მაჟორიტარული ამბოხი“ მმართველ გუნდში, როცა რამდენიმეთვიანი საკონსტიტუციო პროცესი წარმატებით დასრულდა და საქმე კენჭისყრაზე მიდგა?
ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გასაცემად და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, თავს ვალდებულად ვთვლი, რამდენიმე უდავო ფაქტი შევახსენო საზოგადოებას.
კერძოდ:
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა, საკუთარი ინიციატივით, ჯერ კიდევ 2017 წელს, იმ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მიიღო, რომელიც ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის ნაწილისა და პარტიული მედიის მხრიდან ორგანიზებული, კამპანიური ხასიათის, აგრესიული ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც, შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში, მხოლოდ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ხმების ხარჯზე განხორციელდა. ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინ ბოიკოტი გამოუცხადა პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენ ერთ ლიდერზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე ორიენტირებული კონსტიტუციის ნაცვლად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად პოზიტიურად შეაფასა.
არავისთვის დასამალი არ არის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეა მაჟორიტარ დეპუტატებში არასდროს სარგებლობდა დიდი პოპულარობით და მათი დიდი ნაწილი არც მაშინ შეხვდა ამ რეფორმას სათანადო ენთუზიაზმით, რის გამოც, ჩვენს სურვილზე, უკვე 2020 წლიდან გაგვეუქმებინა შერეული საარჩევნო სისტემა, შიდაპარტიული კონსენსუსი ვერ შედგა. შესაბამისად, მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლის თაობაზე.
წარმოიდგინეთ, იმ დროს რომ საპარლამენტო ოპოზიციას მინიმალური პოლიტიკური სიმწიფე და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოევლინა, ყველაფრის ხარჯზე ხელისუფლების დაზიანების ვიწროპარტიული დღის წესრიგით არ ეხელმძღვანელა და საკონსტიტუციო რეფორმისათვის მხარდაჭერის მზაობა ჰქონოდა, დღევანდელი დისკუსიას და ვნებათაღელვას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი - ჩვენს მაჟორიტარებსაც დავარწმუნებდით საარჩევნო რეფორმის გადავადების იდეის უპერსპექტივობაში და კონსტიტუციაშიც ცალსახად ავსახავდით 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას.
ეს მნიშვნელოვანი გარემოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, თუ ობიექტური სურათის დანახვა გვსურს და საერთო კონტექსტის გაუთვალისწინებლად, ფრაგმენტულად არ ვაფასებთ მოვლენებს, მითუმეტეს, ემოციურ ფონზე.
მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს, საზოგადოების ნაწილის სამართლიან პროტესტს მმართველი გუნდის სრულიად ადეკვატური რეაქცია მოჰყვა - პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა, „ქართულმა ოცნებამ“ კი საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინიციატივით მიმართა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა.
არ დავმალავ, ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც, მთლიანობაში, მაჟორიტართა ნაწილის ყოყმანის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ იდეას და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, დაექვემდებარნენ პარტიულ დისციპლინას.
მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ რა, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, - ჩემს გუნდთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიქნები გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი გახდება შეუქცევადი. 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამის წინაპირობა და თვალსაჩინო მაგალითი იქნება", აღნიშნულია განცხადებაში.