ფატიჰ აკინი თავის ახალ ფილმში, რომლის სახელწოდებაა „ოქროს ხელთათმანი“, ბედის ირონიით, სწორედ რაინერ ვერნერ ფასბინდერის მიერ 70-იანი წლებში ასახულ გერმანიას ციტირებს. უფრო მეტიც, ფასბინდერის გროტესკს კიდევ უფრო რადიკალურ ფერებს უმატებს. ამის გამო ყველაფერი გადაჭარბებული, უფრო საზარელი და ზედმეტად კონცენტრირებული გამოდის.
ფილმს საფუძვლად კრიმინალური ქრონიკა უდევს, რომელიც 70-იანი წლების ჰამბურგში ლუმპენების, მეძავებისა და ნაცისტების საყვარელი ლუდის ბარის - „ოქროს ხელთათმანის“ მუდმივ კლიენტებს გვაცნობს. კრიმინალი, ლოთი და იმპოტენტი ფრიც ჰონკა (ძალიან კარგი ახალგაზრდა მსახიობი იონას დასლერი) ბებერ მეძავებს საკუთარ ბინაში ეპატიჟება და ათრობს. შემდეგ კი უშედეგოდ, უფრო ზუსტად სოსისების „დახმარებით“ აუპატიურებს და ხოცავს. გვამებს ანაკუწებს და კომბლესავით „ჭერში აწყობს“, ხოლო გვამებით გამოწვეულ საშინელ სუნს გვერდით მცხოვრები ბერძენი ემიგრატი ოჯახის აყროლებულ კერძებს აბრალებს.
სისასტიკის, პერვერსიებისა და ძალადობის პაროდირების ჩვენებით ფატი აკინი არა მხოლოდ გერმანულ ექსპრესიონისტულ კინოს, კრიმინალურ სერიალებს და ფასბინდერს იმეორებს, არამედ ირიბად ტარანტინოსა და ლარს ფონ ტრიერსაც ბაძავს. რაც, ჩემი აზრით, ცოტა უხერხულად და უფრო უნიჭოდ გამოსდის. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ მას არ შეუძლია, ან ვერ ახერხებს მოძებნოს სწორი, გასაგები და ზუსტი ინტონაცია რეალობასა და მხატვრულ სახეს შორის.
ფილმში არის ეპიზოდებიც, რომლებიც ძალიან სასაცილო და შთამბეჭდავად გროტესკულია. მაგალითად, ბარის კლიენტების დიალოგები ან ზოგადად, ბარის ატმოსფერო ძალიან შთამბეჭდავია. ყველაზე სასტიკ ეპიზოდებში, გვამების დანაკუწებისას ფრიც ჰონკა ფირსაკრავზე 70-იანი წლების შლაგერებს რთავს და ამითაც უცნაურ ესთეტიკურ სიამოვნებას იღებს. ძნელია ჟიურის განწყობის წინასწარ გამოცნობა, მაგრამ კრიტიკა რადიკალურად გაიყო - ზოგი ფილმით აღფრთოვანებულია და „ოქროს დათვის“ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევს, სხვები კი წერენ, რომ „ფატი აკინის ფილმის უბრალოდ, კატასტროფული, ნატურალისტური და თვითმიზნურია“.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი სიმბოლო (ისევე როგორც თავად ქალაქ ბერლინის), დათვია და, როგორც წესი, ის ყოველ წელს პოსტერებისა თუ პლაკატების მთავარი გმირია. თუმცა, წლევანდელი, რიგით 69-ე კინოფესტივალის ვიზუალური კონცეფცია აშკარად განსხვავდება წინა წლებისგან. პლაკატებზე აღარ არის გამოსახული ცოცხალი დათვი, მხოლოდ ხელოვნური დათვის ბეწვით შემოსილ ან დათვად გადაცმულ ადამიანებს ვხედავთ, რაც ცალსახა და არაორაზროვანი ეკოლოგიური მინიშნებაა. საინტერესო ის არის, რომ აქამდე ბერლინის ფესტივალის დირექტორს, დიტერ კოსლიკს ასეთი რადიკალური და „მწვანე“ ინციატივა არასოდეს გამოუჩენია.
2019 წელი ბატონ კოსლიკისთვის განსაკუთრებულია, რადგან მაისში ფესტივალთან ხელშეკრულების ვადა ეწურება და თვრამეტწლიანი მუშაობის შემდეგ დირექტორის პოსტის დატოვება მოუწევს. კოსლიკის ერა ნამდვილად არ ყოფილა ესთეტიკური თვალსაზრისით გამორჩეული ბერლინალეს ისტორიაში... თუ არ ჩავთვლით მის განსაკუთრებულ ვნებასა თუ აკვიატებას წითელი ხალიჩის გამოცოცხლებისა და მეორეხარისხოვანი ჰოლივუდის მიმართ. უფრო ხშირად კრიტიკოსები მას ბერლინის კინოფესტივალის ავტორიტეტის შელახვასა და თანამედროვე, ხარისხიანი კინემატოგრაფის იგნონირებაში ადანაშაულებენ.
დიტერ კოსლიკის მემკვიდრეს ფესტივალი დამთავრებისთანავე დაასახელებს. როგორც უკვე ცნობილია, 2020 წლიდან ბერლინალეს იტალიელი კარლო შატრიანი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე ლოკარნოს ფესტივალის დირექტორი იყო და რომელიც, სხვათა შორის, ახალი ქართული კინოს დიდი გულშემატკივარია.
თეიმურაზ ჭუმბურიძე