ბერლინის 69-ე კინოფესტივალზე ყველაზე დიდი იმედგაცრუება „ოზონისტებს“ ელოდათ. ერთ დროს თამამი და თავისუფალი აზროვნების ფრანსუა ოზონი, რომელიც სწორედ ბერლინის კინოფესტივალზე დაფრთიანდა („რვა ქალი“) და შემდგომშიც არ მოკლებია დიტერ კოსლიკის მადლი, ამჯერად ქრისტიანობისა და ოჯახის სადარაჯოზე დგას. აშკარად კონიუნქტურული და კონსერვატორული ფილმი „მადლობა უფალს“ კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას - პედოფილიას, უფრო მრევლის მომგებიანი პოზიციიდან განიხილავს და მიზეზ-შედეგობრივ დიალექტიკას ნაკლებად ითვალისწინებს. „მე ბევრი ფილმი გადავიღე ძლიერი ქალების შესახებ და დიდი ხანია მინდოდა ასეთივე ძლიერი სულისა და ემოციური მამაკაცების შესახებ გადამეღო ფილმი“ - ამბობს ფრანსუა ოზონი, რომელიც თუ მისი ბოლო ფილმის მიხედვით ვიმსჯელებთ, უფრო ემოციურ და შემოქმედებით კრიზისში მყოფი რეჟისორის ნამუშევარს ჰგავს.
მაყურებელს ფესტივალზე კიდევ ბევრი საამო განცდა თუ ესთეტიკური სატანჯველი ელის. თუმცა წელს, ბერლინალეს მთავარი დილემა მაინც ცნობილი შვეიცარიელი თეატრალური რეჟისორის, კრისტოფ მარტალერის სპექტაკლიდან შეკითხვას მაგონებს: როგორ გამოვაცხოთ პური ფქვილის გარეშე?!
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი სიმბოლო (ისევე როგორც თავად ქალაქ ბერლინის), დათვია და, როგორც წესი, ის ყოველ წელს პოსტერებისა თუ პლაკატების მთავარი გმირია. თუმცა, წლევანდელი, რიგით 69-ე კინოფესტივალის ვიზუალური კონცეფცია აშკარად განსხვავდება წინა წლებისგან. პლაკატებზე აღარ არის გამოსახული ცოცხალი დათვი, მხოლოდ ხელოვნური დათვის ბეწვით შემოსილ ან დათვად გადაცმულ ადამიანებს ვხედავთ, რაც ცალსახა და არაორაზროვანი ეკოლოგიური მინიშნებაა. საინტერესო ის არის, რომ აქამდე ბერლინის ფესტივალის დირექტორს, დიტერ კოსლიკს ასეთი რადიკალური და „მწვანე“ ინციატივა არასოდეს გამოუჩენია.
2019 წელი ბატონ კოსლიკისთვის განსაკუთრებულია, რადგან მაისში ფესტივალთან ხელშეკრულების ვადა ეწურება და თვრამეტწლიანი მუშაობის შემდეგ დირექტორის პოსტის დატოვება მოუწევს. კოსლიკის ერა ნამდვილად არ ყოფილა ესთეტიკური თვალსაზრისით გამორჩეული ბერლინალეს ისტორიაში... თუ არ ჩავთვლით მის განსაკუთრებულ ვნებასა თუ აკვიატებას წითელი ხალიჩის გამოცოცხლებისა და მეორეხარისხოვანი ჰოლივუდის მიმართ. უფრო ხშირად კრიტიკოსები მას ბერლინის კინოფესტივალის ავტორიტეტის შელახვასა და თანამედროვე, ხარისხიანი კინემატოგრაფის იგნონირებაში ადანაშაულებენ.
თეიმურაზ ჭუმბურიძე