აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აშშ-ის ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნის "როტარი კლუბის" პრეზიდენტს, ტომ ქარდველსა და კლუბის ფინანსურ დირექტორს ნიკი კლეინს შეხვდა. შეხვედრის მიზანი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების აშშ-ში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების დახმარება იყო.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კლუბის წარმომადგენლები დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიეტებს მოინახულებენ და მათ სოციალურ პრობლემებს გაეცნობიან, რის შემდეგაც უცხოელი სტუმრები აფხაზეთიდან დევნილებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.
აფხაზეთის მთავრობასა და აშშ-ის ნებრასკის შტატის ქალაქ ლინკოლნის "როტარი კლუბს" შორის თანამშრომლობა ორი წელია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც დევნილი ახალგაზრდები კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ.
საქართველოში კლუბის წევრებმა არაერთი პროექტი განახორციელეს. რამდენიმე დღის წინ მათ საგურამოს ბავშვთა სახლს ჰუმანიტარული და ფულადი დახმარება გადასცეს.