შეიძლება ვიღაცამ თავისი გადაწყვეტილებით, მუქარის ფონზე, მიიღოს რაღაცა ქმედებები, რომ ვიღაცას შეუზღუდოს გადაადგილება, ყურება, -ასე ეხმიანება „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს კინოთეატრებთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
„კატეგორიულად ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავიდეს, რა ნახოს და თვითონ გამოიტანოს დასკვნა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ის, რაც კანონით არის დაშვებული, არ შეიძლება ვიღაცამ თავისი გადაწყვეტილებით, მუქარის ფონზე, მიიღოს რაღაცა ქმედებები, რომ ვიღაცას შეუზღუდოს გადაადგილება, ყურება. მით უმეტეს, ცენზურის ელემენტები გაჩნდა, ეს არის მიუღებელი. ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავაკეთეთ „ლელოს“ ოფისში და ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
8 ნოემბერს საქართველოს 6 კინოთეტრში ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ძალადობრივი ჯგუფები საპრემიერო ჩვენების ჩაშლას ცდილობდნენ. ბიზსმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და „ქართულმა მარშმა“ კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირება მოახდინეს და მაყურებელს დარბზებში არ უშვებდნენ.
ძალადობრივი ჯგუფების პროტესტის მიუხედავად, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში დაგეგმილი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.
შინაგან საქმეა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ხოლო ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება.
აქციაზე ფიზიკური დაზიანება მიიღო უფლებადამცველმა ანა სუბელიანმა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.