წმინდა ბნელეთია, როდესაც ვიღაცა ეკლესიას მიტმასნილი მღვდელი შეიძლება ამბობდეს, რომ ფილმის ნახვით ან წიგნის წაკითხვით ადამიანზე შეიძლება გადავიდეს ეს რაღაცა, მათთვის საშინელება, - აცხადებს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლასთან დაკავშირებით არსებულ მუქარებთან დაკავშირებით.
"წმინდა ბნელეთია, როდესაც ვიღაცა ეკლესიას მიტმასნილი მღვდელი შეიძლება ამბობდეს, რომ ფილმის ნახვით ან წიგნის წაკითხვით ადამიანზე შეიძლება გადავიდეს ეს რაღაცა, მათთვის საშინელება. ეს არის, რასაკვირველია, გაუნათლებლობაც, უკულტურობაც და ის, რომ ვიღაც ვასაძის მსგავსი ადამიანი, იმდენად თავხედია, რომ თვლის, სხვას უნდა უთხრას რა უნდა ნახოს და რა არა,"- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმი გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს. ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის ამბობს, რომ ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლება. მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება "ქართული მარშიც". საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.
ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.