ლონდონში, გალერეაში Saatchi გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საგანძური ეგვიპტის ლეგენდარული ფარაონ ტუტანჰამონის სამარხიდან.
გამოფენის ორგანიზატორები დამთვალიერებელთა რეკორდულად მაღალ რაოდენობას მოელიან.
მსგავსი მნიშვნელობისა და მასშტაბის გამოფენები მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქალაქში რამდენიმე ათწლეულში ერთხელ იმართება, თუმცა ორგანიზატორების ირწმუნებიან, რომ ეს ტურნე ბოლო იქნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 150 არტეფაქტი, რომელთა უმრავლესობას ეგვიპტის ფარგლები არასოდეს დაუტოვებია.
2016 წელს ეგვიპტის სიძველეთა დაცვის სამინისტომ გადაწყვიტა, მოეხდინა ტუტანჰამონის საგანძურიდან 150 ექსპონატის საზღვარგარეთ გამოფენის ორგანიზება.
გამოფენა მიზნად ისახავს ახალი დიდი ეგვიპტური მუზეუმის მშენებლობისა და აღჭურვილობისთვის საჭირო სახსრების მობილიზებას.
საუბარია სამუზეუმო კომპლექსზე, რომელიც გიზის პირამიდებიდან ორ კილომეტრში იქნება განთავსებული და რომელიც 2020 წლისათვის უნდა გაიხსნას.
ლონდონში გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ექსპონატი სწორედ ამ ახალ სამუზეუმო კომპლექსში დაიდებს სამუდამო ბინას და აღარასოდეს დატოვებს ეგვიტეს.
ტუტანხამონი დაახლოებით 3 300 წლის წინათ ცხოვრობდა. ის ცხრა წლის იყო, როცა ტახტზე ავიდა და 18 წლისა გარდაიცვალა.
არქეოლოგებისა და ისტორიკოსების უმრავლესობა ადრევე ვარაუდობდა, რომ მამამისი ცნობილი ფარაონი ეხნატონი იყო, რომელმაც ეგვიპტეში რელიგიური რეფორმების გატარება და მონოთეიზმის დამკვიდრება სცადა.
გენეტიკურმა და რადიოლოგიურმა გამოკვლევამ ასევე ცხადყო ტუტანხამონის სიკვდილის მიზეზები.
ეგვიპტის სიძველეთა საბჭოს გენერალური მდივანის, ზაჰი ჰავასის თქმით, ტუტანხამონი როგორც ჩანს, მალარიის მძიმე ფორმით იყო ავად, მანამდე კი მისი სხეული ძვლების დაავადებით იყო დასუსტებული.
ავადმყოფი და დაძაბუნებული ტუტანხამონი ჯოხით დადიოდა
ტუტანჰამონის აკლდამა ბრიტანელმა არქეოლოგმა, ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა 1922 წელს.
ამ აღმოჩენამ, რომლის ექსპედიციაც ბრიტანელმა არისტოკრატმა და ეგვიპტის ისტორიით უაღრესად დაინტერესებულმა ლორდმა კარნარვონმა დააფინანს, ახალი ინტერესი გააჩინა ეგვიპტური კულტურის მიმართ. ამ კულტურის სიმბოლოდ დღემდე რჩება ტუტანჰამონის ოქროს ნიღაბი, რომლითაც ის დაკრძალეს.