ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ იგი არ აპირებს მონაწილეობის მიღებას პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.
"ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ არ მივიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში", - თქვა დონალდ ტუსკმა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ იმიტომ გამოაცხადა, რომ "ხელი არ შეუშალოს ოპოზიციურ პარტიებს კანდიდატების დასახელებაში".
"მე ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ გავაგრძელო პოლონეთის პოზიციის განმტკიცება ევროპასა და მსოფლიოში", - დასძინა მან.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტუსკი ოპოზიციის კანდიდატი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ცნობილია, რომ პოლონეთის მმართველი პარტია "კანონი და სამართლიანობა" საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად წარადგენს ქვეყნის ამჟამინდელ მეთაურს ანჯეი დუდას.
დონალდ ტუსკი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 14 წლის წინ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ დამარცხდა ლეხ ვალენსასთან, მიიღო რა ამომრჩეველთა ხმების 45,96%.
2007 წლის 16 ნოემბრიდან 2014 წლის 22 სექტემბრამდე იგი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
2014 წლის 30 აგვისტოს აირჩიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად და თანამდებობა იმავე წლის 1 დეკემბრიდან დაიკავა.
2019 წლის პირველი დეკემბრიდან დონალდ ტუსკს ეწურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მანდატი.