ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში დაიბარეს. მთავარ საგამოძიებო უწყებაში გვარამიას 19:00 საათზე ელოდებიან. საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, გვარამია საგამოძიებო უწყებებაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით არის დაბარებული.
"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია,"-განცხადება გენერალურმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.