თავი რომ დავანებოთ რელიგიურობას, კაცობა მოითხოვდა იმას, რომ თუ რამის თქმა გინდა, მაშინ თქვი, სანამ თანამდებობაზე ხარ და არა მერე , - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მხრიდან პატრიარქის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე.
უგულავამ თქვა, რომ უკეთესი იქნებოდა ეს განცხადებები ყოფილიყო მეუფე პეტრეს თანამდებობაზე ყოფნის დროს და არა თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ. „ამას მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა“.
„მეორე, მე როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, მეუფე პეტრეს გაჟღერებულ ბრალდებას სხვანაირად ვუყურებ, კერძოდ ის, რომ პრობლემა არა ჰომოსექსუალიზმია, არამედ ის, რომ ღვთის სახელით ეკლესია ტაბურეტკებით დასდევდა ჩვენი საზოგადოების ამ მოწყვლად ჯგუფს, ამ თვალსაზრისით არის ეს პრობლემა. ეკლესიამ უნდა იმსჯელოს და შეწყვიტოს საზოგადოების წევრების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა, ეს სულ მცირე, როგორც იკვეთება, ფარისევლობაა და მიუღებელია თანამედროვე სამყაროს გადმოსახედიდან... რაც შეეხება იმ ბრალდებებს, მე არც გავიმეორებ, რადგან ამის საფუძვლები სხვაგან დევს და ელემენტარულად, თუნდაც თავი რომ დავანებოთ რელიგიურობას, კაცობა მოითხოვდა იმას, რომ თუ რამის თქმა გინდა, მაშინ თქვი, სანამ თანამდებობაზე ხარ და არა მერე, როცა თანამდებობიდან გაგიშვებენ, მაგრამ ეს იყო აისბერგის წვერი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. მე ვსაუბრობ იმ პრობლემებზე, რომელიც უფრო ღრმა არის, რომელიც უფრო კომპლექსურია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან „განაყენა“. მეუფე პეტრემ სხდომა დატოვა და მედიასთან განაცხადა, რომ პატრიარქმა უსამართლოდ განაყენა მღვდელმთავრობიდან. პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრემ საქართველოს ეკლესიაში ჰომოსექსუალიზმის მხილება დაასახელა. „საქართველოს ეკლესიაში პიდარატიის მხილება, მამათმავლობის მხილებაა“, -თქვა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვინ ამხილა, მეუფე პეტრემ უპასუხა: „სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის თავმჯდომარე“, - თქვა მეუფე პეტრემ.