ამერიკული მედიის ინფორმაციით, სირიაში აშშ-ის სამხედროების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულია ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი.
მსოფლიოში ნომერი პირველი ძებნილის ლიკვიდაცია საბოლოოდ არ დადასტურებულა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს, 27 ოქტომბერს "ფრიად მნიშვნელოვან" განცხადებას გააკეთებს.
მანამდე დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "რაღაც მეტად მნიშვნელოვანი მოხდა".
ამერიკული მედიასაშუალებები აშშ-ისა და ერაყის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ის სპესამსახურმა ოპერაცია ჩატარა სირიის ჩრდილოეთში, იდლიბის პროვინციაში. როგორც იუწყებიან, ოპერაციისას მოიკლა 9 პირი, მათ შორის "ისლამური სახელმწიფოს" მეთაური.
დღესვე, სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურმა გენერალმა მაზლუმ აბდიმ განაცხადა, რომ "აშშ-სთან ერთობლივი სადაზვერვო სამუშაოს შედეგად, ისტორიული, წარმატებული ოპერაცია განხორციელდა".
სააგენტო "როიტერსს" ამერიკელმა სამხედრომ ოპერაციის ჩატარება დაუდასტურა, თუმცა ბაღდადის მკვლელობაზე არაფერი უთქვამს. თეთრი სახლი არც ოპერაციის ჩატარებას ადასტურებს და არც მის სავარაუდო შედეგებს.
აღსანიშნავია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის, რომელმაც თავის თავს ხალიფა უწოდა, ლიკვიდაციის შესახებ ცნობები ადრეც გავრცელებულა, თუმცა წინა შემთხვევებში, არ დადასტურებულა.