საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წნელისთან მომხდარ ინციდენტს ეხიანება. საგარეო უწყების წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს:
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავება წარმოადგენს ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს განთავსდა, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ამოცანას, კერძოდ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, შესაბამისად მიუღებელია მისიის საქმიანობისათვის ხელისშეშლა, რამდენადაც ის წარმოადგენს მონიტორინგის ერთადერთ საერთაშორისო და ქმედით მექანიზმს და იძლევა ობიექტურ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე," - განაცხადა კონსტანტინიდმა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს. „24 ოქტომბრის, შუა დღეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა. მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.