დღეს სასტუმრო "რედისონში" საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველო-ბელორუსის ბისნეს-ფორუმი გაიმართა.
ბელორუს ბიზნესმენთა დელეგაციას ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ვასილ რომანოვი ხელმძღვანელობს. დელეგაცია საქართველოში 15 ნოემბრამდე დარჩება და შეხვედრებს გამართავს ქართველი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.
ბელორუსის ბიზნესდელეგაციის წევრები 14 ნოემბერს ფოთს ესტუმრებიან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას დაათვალიერებენ.
ვასილ რომანოვის განცხადებით, ბელორუსის დელეგაცია ქართველ ბიზნესმენებთან განიხილავს ბელორუსისა და საქართველოს შორის ბიზნესურთიერთობების ხელისშემშლელ ფაქტორებს. გარდა ამისა, რომანოვის განცხადებით, ბელორუსის ბიზნესმენთა დელეგაციის რამდენიმე წევრი საქართველოში კონკრეტული წინადადებებითაც ჩამოვიდა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ჯემალ ინაიშვილის განცხადებით, ბელორუსი ბიზნესმენები სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესდნენ.
"ბელორუსი ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან როგორც ექსპორტით, ისე იმპორტით. კონკრეტული წინადადებები აქვთ სოფლის მეურნეობის სფეროში. დაინტერესება ასევე ერთობლივი საწარმოს გახსნასთან დაკავშირებით", _ განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი ერთი თვის წინ ბელორუსიში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ბელორუსი ბიზნესმენები საქართველოთი დაინტერესდნენ. ალავიძის განცხადებით, ბელორუსი ბიზნესმენების ვიზიტი შემდეგი ნაბიჯია საქართველო ბელორუსის ბიზნესურთიერთობების განვითარებაში.
"ერთი თვის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ბელორუსიში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ბელორუსი ბიზნესმენები დაინტერესდნენ საქართველოში ბიზნესის განხორციელებით. დღევანდელი ბიზნესფორუმი შემდეგი ეტაპია საქართველო ბელორუსის ბიზნესურთიერთობების განვითარებაში. დაინტერესება არის სოფლის მეურნეობის სფეროთი, ენერგეტიკის სფეროთი და სხვა", _ განაცხადა ზურაბ ალავიძემ.