თუ ადამიანები ოდესმე დედამიწის მიღმა დასახლებას გადაწყვეტენ, მათ დასჭირდებათ საკვები პროდუქტების ლოკალურად მოყვანა. ამის ნათელი მაგალითი მეთ დეიმონის 2015 წლის ფანტასტიკური დრამა „მარსელია“, სადაც ექსპერიმენტში მონაწილე მკვლევარებს სხვადასხვა სახის ბოსტნეულის გამოზრდა პლანეტა მარსზე უწევთ. ამის შესახებ science alert-ი წერს.
სწორედ ეს ექსპერიმენტი ჩატარდა დედამიწაზე, თუმცა ამჯერად, მთვარისა და მარსის ანალოგიური ქანების გამოყენებით. ცდით დაადასტურა, რომ მათ მიწას მცენარეების გამოზრდა შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ მარსის ანალოგიური მიწა მთვარის კომპონენტზე უკეთესი აღმოჩნდა, რაც სამომავლოდ, იმედისმომცემი აღმოჩენაა.
მკვლევარებმა გამოიყენეს NASA-ს მიერ შექმნილი რეპროდუქციის „რეგოლითის” მეთოდი, რომლითაც დაამზადეს მარსისა და მთვარის ზედაპირზე არსებულის ნიადაგის მსგავსი, - მტვრისა და სხვა ნარჩენების ნაზავი. რიგოლითის ნიადაგში შეურიეს ორგანული ნივთიერებები, რომელთა წაღებაც დედამიწიდან მოგვიწევს. აღსანიშნავია, რომ ყოველი შემდგომი მოსავალი წინას სასუქით, ე.წ. კომპოსტით დამზადდება.
ექსპერიმენტში სხვადასხვა სახის 10 ბოსტნეული გაზარდეს, მათ შორის: წიწმატი, როკეტი, პომიდორი, ბოლოკი, ხორბალი, კინოა, ისპანახი, ხახვი, ბარდა და პრასი. ისპანახის გარდა, ყველა მცენარე გაიზარდა და საკვებად ვარგისი ნაწილები განუვითარდა.
„ეს იყო ამაღელვებელი შეგრძნება, როდესაც დავინახეთ მარსის ნიადაგზე გამოზრდილი პომიდორი თუ როგორ გაწითლდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი დახურული აგროკულტურის მდგრადი განვითარებისკენ“,- აღნშნა ჰოლანდიის „ვაგენინგენის“ უნივერსიტეტის ეკოლოგმა ვიეგერ ვამელიკნკმა.