შეერთებული შტატების სენატმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრების ოქმის რატიფიცირება მოახდინა.
ოქმის რატიფიცირებას ხმა 91-მა სენატორმა მისცა, ორი წინააღმდეგ წავიდა.
წლის დასაწყისში დასრულდა მრავალწლიანი დავა ათენსა და სკოპიეს შორის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის სახელთან დაკავშირებით და მოიხსნა ყველა ის ბარიერი, რომელიც უზღუდავდა მაკედონიას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.
ათენი წლების მანძილზე ხელს უშლიდა მაკედონიის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სწორედ მაკედონიის სახელწოდების გამო. რადგან საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს მაკედონია ჰქვია, ათენი შიშობდა, რომ ერთხელაც შესაძლოა მაკედონიას ტერიტორიული პრეტენზიები წამოეყენებინა.
მაკედონიაში ჩატარდა ასევე რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევას.
6 თებერვალს, ნატო-ში ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრების პროტოკოლს.
ამჟამად, მიმდინარეობს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მიერ ოქმის რატიფიკაციის პროცესი ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში შესვლის შესახებ.
მოსალოდნელია, რომ პროცესი დასრულდეს ალიანსის სამიტამდე, რომელიც ლონდონში დეკემბერში გაიმართება.
ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების ოქმის რატიფიცირება ნატო-ს 29 წევრიდან, 21-მა უკვე მოახდინა.