„საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი გამოკვეთილი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც დღეს აქვს. ეს მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო პოლიტიკის დამსახურებაა“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს.
მისი თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა იმ პერიოდში, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. „ადამიანები, რომლებიც დღეს ბორდერიზაციაზე საუბრობენ არიან ზუსტად ისინი, რომლებმაც უგულვებელყვეს და ფეხქვეშ გათელეს ის საგზაო რუქა, რომელიც შემოგვთავაზა ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ზუსტად იმ პროგნოზით, რომელიც დღეს სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანას უდგას წინ - რომ თუ არ წავალთ ამ მიმართულებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით იქნება მნიშვნელოვნად შეფერხებული - ეს მოხდა იმ პერიოდში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება საფრთხის ქვეშ და იქნება ოკუპირებული ტერიტორიები - ესეც მოხდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ბუნებრივია, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, თუ ვინ მოამზადა ამის წინაპირობა. მისივე თქმით, იმ ფორმატზე უარის თქმა, რომელიც საქართველოს დღეს გააჩნია კიდევ უფრო დააზარალებს და დაამძიმებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
„დღეს რომ შევიდეთ რუსეთთან დაპირისპირებაში, უკვე „ეკონომიკური მუშტი“ მოგვხვდება, რომელიც კიდევ უფრო დააზარალებს და დაამძიმებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ხალხს, რომლებიც შრომობენ და თავის პროდუქციას ასაღებენ რუსულ ბაზარზე. რატომ ვავლებთ წითელ ხაზს იმ პოზიციებს შორის, რასაც ქვია დაპირისპირება და მოლაპარაკება“? - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.