რუსეთს მართლმადიდებლური ეკლესია საბერძნეთის, იგივე ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, მთავარეპისკოპოს იერონიმეს საღმრთო ლიტურგიისას აღარ მოიხსენიებს.
ასეთია რუსეთის სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ელადის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საპასუხოდ შეიკრიბა.
"რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება შეწყდეს საღმრთო ლიტურგიის დროს ელადის ეკლესიის მთავარეპისკოპოს იერონიმეს მოხსენიება, როგორც ეს მართლმადიდებლური დიპტიქით არის განსაზღვრული", - განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს საზოგადეობასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, საბერძნეთის [ელადის] მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.
ელადის ეკლესია პირველია [კონსტანტინოპოლის შემდეგ] მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, რომელმაც ევქარისტიული კავშირი დაამყარა უკრაინის ახლადდაფუძნებულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესია კვლავინდებურად დუმს.
შეგახსენებთ, 15 დეკემბერს, კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, უკრაინის ეკლესიების გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინული ეკლესიის მწყემსმთავრად, 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.
6 იანვარს კი უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მსოფლიო საპატრიარქოსგან მიიღო ავტოკეფალიის ტომოსი.
მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის ტომოსის დამტკიცების საპასუხოდ, რუსეთის ეკლესიამ კონსტანტონოპოლთან ევქარისტიული ერთობა გაწყვიტა.