კალაძეს არ ვუპასუხებ, არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას, – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ მის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. კალაძემ თქვა, რომ ხაზარის ადგილას შერცხვებოდა, თუმცა „როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია“.
„ვფიქრობ, რა ვუპასუხო კალაძეს. ალბათ არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესაბამება, არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. ეს არის ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების სალაპარაკო ენა და იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც დღეს ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ამიტომ, არც ვთვლი საჭიროდ, მას პასუხი გავცე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თბილისის მერი კახა კალაძე „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც „პროგრეს ბანკს“ შეეხებოდა. ხაზარაძემ თქვა, რომ როდესაც 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ შესყიდვის პროცედურა დაიწყო, უცხოურმა აუდიტორმა აქტივები შეამოწმა, საიდანაც რამდენიმეს ყიდვაზე რეკომენდაცია გასცა, რამდენიმეზე კი ითქვა, რომ მათი შესყიდვა რეკომენდებული არ იყო. მამუკა ხაზარაძის თქმით, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები. „მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ, როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია“, – განაცხადა კახა კალაძემ.