იაპონიის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. იაპონელ ტურ-ოპერატორებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. ინფო-ტური იაპონიაში საქართველოს საელჩოსა და იაპონიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციასთან (JATA – Japan Association of Travel Agents) თანამშრომლობით გაიმართა.
"იაპონია საქართველოსთვის ძალიან საინტერესო, ახალ სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, იაპონიაში საქართველოს საელჩოსა და იაპონიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის თანამშრომლობით, საქართველოში ჩამოვიყვანეთ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე იაპონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები. ჩვენ მათ საშუალება მივეცით გაცნობოდნენ ქართულ ტურისტულ პროდუქტებს, ბიზნეს ურთიერთობების დასამყარებლად კი შეხვედროდნენ ქართული ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურის ფარგლებში იაპონიის ტურისტული კომპანიების 8 წარმომადგენელი B2B ფორმატის ფარგლებში ქართველ კოლეგას შეხვდა. ქართულ ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრაზე ერთობლივი ტურისტული პაკეტების შექმნა განიხილეს.
ტურ-ოპერატორებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა.
"იაპონური ტურისტული კომპანიებისთვის საქართველო ახალი მიმართულებაა, ვფიქრობ იაპონელი ტურისტებისთვის საქართველო საინტერესო იქნება თავისი მდიდარი კულტურით, ისტორიით და მრავალფეროვანი ბუნებით. დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ქართველ კოლეგებთან. ვფიქრობ დღევანდელი დღე დიდი ნაბიჯი იქნება საქართველოში იაპონელი ტურისტების მოსაზიდად", - აცხადებს იაპონიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის გენერლაური მენეჯერის მოადგილემ სეიჯი ნაკაიო.