აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმების დიდ სამამულო საქმედ გასაღება არის ცინიზმი, - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ვითარება, რომელიც გარეჯის ტერიტორიაზე შეიქმნა საბჭოთა ოკუპაციის შედეგია და აღნიშნული არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ბრალი არ არის.
"ნორმალური ვითარებაა, რომ ის სტატუს-კვო, რომელიც იყო აქამდე უნდა აღდგეს, რომ ტურისტს, მომლოცველს, სასულიერო პირს აღნიშნულ მონაკვეთზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს, ვიდრე შეთანხმება შედგება. გახარიასგან ან ივანიშვილის სხვა მარიონეტისგან ამის დიდ სამამულო საქმედ გასაღება არის ცინიზმი. პრობლემა როგორ შეიქმნა გვახსოვს ყველას, ისიც გვახსოვს, რომ პრობლემის დამძიმებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ შუღლის გაღრმავებას ეწეოდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები“, - განაცხადა ბოკერიამ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ 11 ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება. აზერბაიჯანში ვიზიტამდე საქართველოს საპატრიარქომ პრემიერ მინისტრს წერილით მიმართა და დავით-გარეჯთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა. გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა და ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.