იქამდე ნუ მივა ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომ თავის თავის უარყოფა მოახდინოს. მას ბევრი დამსახურება ჰქონდა და როგორც სახარებაშია ნათქვამი, აი ამ მარგალიტებს აბნევს და რჩება ვასაძის და ივანიშვილის რიტორიკის ამარა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდეტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის, რაც ჩვენ ეთერში ვიხილეთ, არის ფარისევლობა და სირცხვილი.
„მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედი იყო „ვარდების რევოლუციის“, რომელმაც ამ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა, ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ასეთ მარაზმამდე დაეცა“, - თქვა უგულავამ და აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს დღეს რელიგია ესმის ისე, როგორც თავზე ნაცრის დაყრა და ქართული სახელმწიფოს სეკულარიზმის უარყოფა, მაშინ ის არაფრით განსხვავდება ლევან ვასაძისგან.
„ეს ყველაფერი ნამდვილად სამარცხვინოა. მინდა მას შევახსენო – მას, როგოც ნებისმიერ ადამიანს, შეიძლება აეხილოს თვალი, დაინახოს ღვთის სხივი, წვიმა ეგონოს ზეციური მანანა, უბრალოდ მინდა შევახსენო, თუ რელიგიურ ტრადიციებზეა საუბარი, სავლე ნამდვილად გახდა პავლე, პავლე იყო სავლეს გაგრძელება და არა სავლეს უარყოფა და იქამდე ნუ მივა ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რომ თავის თავის უარყოფა მოახდინოს. მას ბევრი დამსახურება ჰქონდა და როგორც სახარებაშია ნათქვამი, აი ამ მარგალიტებს აბნევს და რჩება ვასაძის და ივანიშვილის რიტორიკის ამარა. ჩემთვის, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იყო ქრისტიანული წესის აბუჩად აგდება. მინდა, შევახსენო მიხეილ სააკაშვილს – მესამე მცნება ამბობს, „არა მოიხსენო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.