სოფი ლორენისა და კარლო პონტის აკრძალული რომანი
სიყვარულისთვის მათ თავი დევნილობისთვის გაწირეს, მიიღეს საფრანგეთის მოქალაქეობა და დაუპირისპირდნენ ვატიკანს. მათ კავშირს ბედნიერი შეიძლება, მხოლოდ ერთი ნიშნით ვუწოდოთ - ის განცდები, რაც სოფისა და კარლოს თავს დაატყდათ, რამდენიმე სიცოცხლეს ეყოფოდა.
ცნობილი კინოპროდიუსერისა და მომხიბვლელი მსახიობის რომანი ბანალურად დაიწყო. მათი კავშირი, ალბათ, აკრძალული სიყვარულის კლასიკური ისტორია იქნებოდა, მაგრამ ყველა დაბრკოლება და წინასწარმეტყველება ნამდვილი გრძნობების გზაზე ფერფლად იქცა. შეყვარებულებმა ერთად კარლო პონტის გარდაცვალებამდე, ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარეს.
სოფია შიკოლონე შესამჩნევად გამოირჩეოდა ქალაქ პოცუოლიში. მისი მიხვრა-მოხვრა, მანერა და კაშკაშა გარეგნობა თითქოს მეტყველებდა, რომ მას სხვაგვარი მომავალი ჰქონდა გამზადებული, რომელიც შორს იყო იმ საცოდავი ადგილისგან, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. თუმცა თავად სოფი ამას ვერ ხვდებოდა.
შეიძლება ითქვას, რომ სოფი სამსახიობო კარიერას დედას, რომილდას უნდა უმადლოდეს. დედამისმა თავის დროზე ხელიდან გაუშვა შანსი, ჰოლივუდში გადაეღოთ და სურდა, რომ მისი ოცნება ქალიშვილს ახდენოდა. სწორედ რომილდამ მიიყვანა გოგონა სილამაზის კონკურსზე, სადაც სოფიმ მოიგო პრიზი - ნეაპოლიტანურ სკოლაში სამსახიობო დაოსტატების კურსები და ორი ბილეთი რომში. სწორედ რომილდა სთხოვდა სოფის, წასულიყო კინოსინჯებზე იტალიის დედაქალაქში და ამით ორი კურდღელი დაეჭირა - მიეღო როლი და ეშოვა ფული, რომელიც გადარჩენისთვის ასე ძალიან სჭირდებოდა ოჯახს.
თუმცა დედის ყველა ქმედება სასიკეთო არ იყო. რომილდა დაჟინებით უნერგავდა სოფის მამაკაცების მიმართ სიძულვილს. გოგონას მამამ რომილდა ჯერ კიდევ ორსულობის დროს მიატოვა, თუმცა სინდისის ქენჯნის გამო ქალიშვილს თავისი გვარი - შიკოლონე მისცა. გვარის არაკეთილხმოვანების გამო კი მოგვიანებით კინოპროდიუსერებმა ის ლორენით შეცვალეს.
ჯერ კიდევ ბავშვობაში სოფიამ კეთილგონიერება გამოიჩინა და არ კიცხავდა დედას, რადგან ესმოდა, რომ ქალი დანგრეული ცხოვრების გამო იყო სიძულვილითა და სიბრაზით სავსე. დიდი ხნის განმავლობაში სოფი თანაკლასელებისგან იტანდა დამცირებასა და დაცინვას იმის გამო, რომ მამამ მიატოვა. მაგრამ მან მამას აპატია, თუმცა გულში დარჩა ზრუნვისა და სიყვარულის უკმარისობა, რომელიც შემდეგ ქმართან იპოვა.
რომში სოფი შეამჩნიეს. მას სთავაზობდნენ მონაწილეობას რეკლამებსა და მსუბუქ ეროტიკაში. უფულობის გამო სოფი იძულებული იყო, მსგავს „შედევრებში" მიეღო მონაწილეობა, მაგრამ რომილდა კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ. თუმცა მორცხვმა და დედაზე მიწებებულმა გოგონამ თავისი ხასიათი წარმოაჩინა: მრავალრიცხოვანი ნათესავების უზრუნველსაყოფად სოფი ყველაფრისთვის მზად იყო. მოგვიანებით პროდიუსერმა კარლო პონტიმ ყველა ფირი შეისყიდა „სამარცხვინო წარსულით" და სოფი თავის პროფესიონალური მეურვეობის ქვეშ მიიღო. 16 წლის ლამაზმანისა და 38 წლის შემდგარი მამაკაცის შეხვედრამ ორივეს ცხოვრება გადაატრიალა.
კარლო პონტი მილანელი ადვოკატების ოჯახში გაიზარდა. უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ მან მამის იურიდიულ ფირმაში დაიწყო მუშაობა, სადაც მას კინომწარმოებლებთან კონტრაქტების შედგენა ევალებოდა. პონტიმ ადრე გაიგო ფულის ყადრი და ჩრდილოელის ცივი გონებით მისი შოვნის სხვა საშუალებების ძებნა დაიწყო.
მილანი შრომისმოყვარე ახალგაზრდას ყველანაირ პირობას უქმნიდა. კარლომ პროდიუსერობა დაიწყო, მან მსოფლიოს მისცა ჯინა ლოლობრიჯიდა და ალიდა ვალი. 1941 წელს კი მიიღო რომის კინოკომპანია „ლუხ ფილმის" შეთავაზება და კომერციულად წარმატებული სურათები გამოუშვა.
იტალიაში კარლო პონტის სახელს წონა ემატებოდა, მას რჩევას ეკითხებოდნენ, მისი აზრს ითვალისწინებდნენ, ენდობოდნენ. მაგრამ მსოფლიო აღიარება კარლო პონტის სოფი ლორენის მონაწილეობით შექმნილმა ფილმებმა მოუტანა. წარმოუდგენლად ეფექტური გარეგნობის ახალგაზრდა გოგონა მან რომის კაფეში დაინახა და სინჯებზე მიიწვია.
კარლომ მაშინვე იგრძნო მისი ქარიზმა, მიხვდა, რომ კამერა შეიყვარებდა უშუალო და მომხიბვლელ სამხრეთელ გოგონას. მხოლოდ ერთი რამ არ იცოდა, რომ თავადაც სიგიჟემდე შეუყვარდებოდა. სოფი ნამდვილად მისი ქალი იყო, სწორედ ასეთი წარმოედგინა თავისი იდეალი, როდესაც სამხრეთელ გოგონაზე ოცნებობდა. ის გაათბობდა მის ჩრდილოეთურ გულს ალერსიანი მზით, რომელიც დამალული იყო თმის სურნელში, აღავსებდა სათნო ღიმილით და მბრწყინავი თვალებით, რომელშიც აირეკლებოდა მოწმენდილი ცა. მაგრამ არსებობდა უდიდესი დაბრკოლება - კარლოს ცოლი და ორი შვილი ჰყავდა.
პონტიმ, როგორც კინოს სამყაროში საუკეთესო პროფესიონალმა, სოფიში რამდენიმე ხარვეზი შეამჩნია და ურჩია, დაემოკლებინა ცხვირი და დაეფარა ზედმეტად ფუმფულა ბარძაყები.
თუმცა ჭირვეულმა სამხრეთელმა კატეგორიული უარი თქვა რაიმე ცვლილებაზე და სწორადაც მოიქცა - მოგვიანებით მისი სახე და ფიგურა იტალიაში სილამაზის ეტალონად იქცა. გენუის არქიეპისკოპოსმა იხუმრა კიდეც, რომ ადამიანის კლონირების მოწინააღმდეგე ვატიკანმა შესაძლოა გამონაკლისი დაუშვას მხოლოდ ერთი ქალისთვის - სოფი ლორენისთვის.
სოფი ჯერ არც კი ეჭვობდა თავის მომავალ დიდებაზე - ის საათობით იჯდა კარლოს კაბინეტის წინ და ელოდა.
„ის ნახევარ დღეს მოთმინებით ატარებდა პონტის ბიუროს წინ რაიმე პატარა როლის მოლოდინში. მაგრამ მაშინაც იგრძნობოდა მასში ბუნებრივი კლასი და თავადის ქალის მანერები", - იხსენებდა შემდეგ რეჟისორი დინო რიზი.
ბოლოს სოფისთვის გამოიძებნა როლი კინოსურათში „ნეაპოლის ოქრო", რომელსაც წარმატებით გაუმკლავდა. მთავარი გმირი, ხალხიდან გამოსული გოგონა მისთვის ახლობელი და მისაღები აღმოჩნდა.
გადაღების ბოლო დღე ლორენის მე-20 დაბადების დღეს დაემთხვა. რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც დაინახა კარლო ლამაზი კოლოფით ხელში, რომელშიც ბრილიანტისთვლიანი ძვირფასი ბეჭედი იდო. ორმაგი დღესასწაულის აღსანიშნავად, პროდიუსერმა გოგონასთვის ძვირფასი ბეჭდის ჩუქება გადაწყვიტა. სოფი შეეცადა, აგიზგიზებული ლოყები დაემალა. მიხვდა, რომ პროდიუსერისთვის უბრალოდ კარგ მსახიობზე გაცილებით მეტს ნიშნავდა. ამ დროის განმავლობაში კარლო მისთვის მამასავით იყო, ახლა კი მის წინაშე შეყვარებული მამაკაცი იდგა. გოგონა მშვენივრად აცნობიერებდა, რა სირთულეები ელოდა - კარლო დაქორწინებული იყო, ბავშვებიც ჰყავდა, მაგრამ სოფის არ ჰყოფნიდა ძალა, საკუთარ გრძნობებს შეწინააღმდეგებოდა. ის ახალგაზრდა იყო და ტემპერამენტიანი... სოფიმ სიყვარულისგან თავი დაკარგა.
ლორენი სულ უფრო ხშირად ფიქრობდა გათხოვებასა და შვილებზე. მას ისეთ სიხარულს აღარ ანიჭებდა გადაღებები, გიჟური პოპულარობა, მაცდური წინადადებები. სოფის ყველაფერი ჰქონდა, ერთის გარდა, რაც ყველაზე მეტად სურდა - თავისი ოჯახი. კარლოს მისი ესმოდა, უყვარდა და დაუყოვნებლივ გაეყრებოდა ცოლს, რომ არ ყოფილიყო ერთი „მაგრამ". იმ დროს იტალიაში განქორწინება თითქმის შეუძლებელი გახლდათ. საქმე მკვდარი წერტილიდან არ იძვროდა, ლოდინი კი გაუსაძლისი აღმოჩნდა, სოფიმ ინიციატივის ხელში აღება გადაწყვიტა.
ჰოლივუდის ფილმის, „სიამაყე და ვნების" გადაღებებზე მსახიობმა კერი გრანტი გაიცნო. ტანადმა და ლამაზმა მამაკაცმა სოფის ყურადღება მიიპყრო და მასთან ფლირტი გააბა. კარლოსთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა კერის პარტნიორისადმი ყურადღება. სოფი არც ცდილობდა, დაემალა ყვავილების თაიგულები და გრანტთან ვახშმობები. სოფიმ პონტის აგრძნობინა, რომ ის საყვარელ ქალს დაკარგავდა, თუ არჩევანს არ გააკეთებდა. კარლომ მაშინვე ადვოკატებს მიმართა, გამოსავალიც მალე მოიძებნა - ის ცოლს ოფიციალურად მექსიკაში გაშორდა და სოფიზე იქორწინა.
შეყვარებულები დაქორწინდნენ, მაგრამ მათ მორიგი დარტყმა ელოდათ - ვატიკანმა განქორწინება არ აღიარა, რადგან ის იტალიის ტერიტორიაზე არ შემდგარა და კარლოსა და ლორენის ქორწინება უკანონოდ გამოაცხადა.
„ახალდაქორწინებულებს" თავს საზოგადოების რისხვა დაატყდათ. მათ იტალიის დატოვება მოუწიათ. პაპთან უსასრულო პეტიციებს შედეგები არ მოჰქონდა.
სოფიმ და კარლომ 10 წელი დევნილობაში გაატარეს. ბოლოს, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მათ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღეს, იმისთვის რომ პროდიუსერის განქორწინება ძალაში შესულიყო, მისი ყოფილი ცოლიც საფრანგეთის მოქალაქე გახდა. ლორენისა და პონტის ქორწინება ოფიციალურად 1966 წელს აღიარეს.
1968 წელს სოფის ვაჟი, კარლო პონტი-უმცროსი შეეძინა, ოთხი წლის შემდეგ კი - ედუარდო. მაგრამ საოცნებო ოჯახურ ბედნიერებას ლორენმა ადვილად ვერ მიაღწია. წარმატებულ მშობიარობამდე მას მუცელი ორჯერ მოეშალა. ექიმებმა სოფის წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, პატარა უხერხული მოძრაობაც კი ბავშვისთვის და დედისთვის შეიძლებოდა საზიანო აღმოჩენილიყო.
კარლომ თავისი კავშირები გამოიყენა, საუკეთესო ექიმები დაიქირავა და საყვარელი ქალისთვის შვეიცარიაში სასტუმროს ნომერი აიღო. ცხრა თვის განმავლობაში სოფი ოთახიდან არ გამოსულა, მან მტკიცედ გადაწყვიტა, თავისი ოცნება განეხორციელებინა და დედობის სიხარული ეგრძნო. სულით რომ არ დაცემულიყო, მსახიობმა სასტუმროს ნომერში მინი-სამზარეულო მოაწყო. ორსულობის დროს რეცეპტების კრებულიც გამოსცა, სადაც მკითხველებს სთავაზობდა, დაეგემოვნებინათ სოუსი „სოფი", ბივშტექსი „მარჩელო მასტროიანი" და ლუიზა ბებიას საფირმო რეცეპტით შექმნილი კოტლეტები.
სოფი ლორენმა და კარლო პონტიმ ერთმანეთს საუკუნეზე მეტი მიუძღვნეს. სოფი საყვარელ ადამიანს სიკვდილმა დააშორა. კარლო პონტი 2007 წელს ფილტვების ავადმყოფობით გარდაიცვალა.
საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი", მაკა სვიმონიშვილი