საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მიკრობლოგ ტვიტერზე დაწერა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, გაერო და საქართველოსთან ბევრ სხვადასხვა სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ, რასთან დაკავშირებითაც ის თავის გამოსვლაშიც გაუსვამს ხაზს.
"დღეს, მე შევუერთდი გენერალური მდივნის კამპანიას სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ", - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა საქართველოს დეოკუპაციის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო.
გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კახა იმნაძის განცხადებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა შესანიშნავად იცის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება, რადგან მას წლების განმავლობაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის თანამდებობა ეკავა და პირადად ნამყოფია ამ რეგიონებში.
გენერალურმა მდივანმა მზაობა გამოთქვა, რომ გაერო კიდევ უფრო აქტიურად იყოს ჩართული აღნიშნული საკითხების დარეგულირებაში.
"მათი მხრიდანაც მიმდინარეობს მსჯელობა დამატებით რისი გაკეთება შეიძლება არსებულ ვითარებაში, რათა ვეძებოთ გამოსავალი. ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანი ფორმატია, თუმცა საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა და უფრო კრეატიული მიდგომა. ამ კუთხით, გაეროც და მისი ოფისებიც მზად არიან გვერდში დაგვიდგნენ“, - აღნიშნა კახა იმნაძემ.