ალბანეთში, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ალბანეთის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო ATA-ი ავრცელებს.
5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა და 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის შემდგომი შოკები შაბათს შუაღამეს, ალბანეთის საპორტო ქალაქ დურესში მოხდა.
დაინგრა სახლები, გაიბზარა მრავალსართულიანი შენობები და დაშავდა 68 ადამიანი.
ალბანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიწისძვრა უკანასკნელ 30 წელში ყველაზე ძლიერი იყო.
რყევების შედეგად დედაქალაქშიც დაინგრა რამდენიმე შენობა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაშავებულები ტირანაშიც არიან.
მოგვიანებით გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საპორტო ქალაქ დურესში განადგურდა 42 სახლი და 4 მრავალსართულიანი კორპუსი, ხოლო დედაქალაქში დაზიანდა 48 სახლი და 3 მრავალსართულიანი კორპუსი.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რყევებმა 5,6 მაგნიტუდა შეადგინა, ალბანეთის გეოლოგიური მეცნიერებების კვლევის ცენტრის ინფორმაციით თავდაპირველმა რყევებმა 5,8, ხოლო განმეორებითმა რყევებმა 5,1 მაგნიტუდა შეადგინეს.