უკრაინის ახალმა დელეგაციამ ოფიციალურად უარი თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობაზე.
დელეგაციის ხელმძღვანელის ლიზა იასკოს მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური კიევი არ წარადგენს დოკუმენტებს საშემოდგომო სესიაში მონაწილეობის თაობაზე, რომელიც 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს.
"აღნიშნული ქმედება არის უკრაინის პასუხი რუსეთის ფედერაციის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებაზე", - ნათქვამია ლიზა იასკოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინელი დელეგატები გააგრძელებენ კონსულტაციებს თავიანთ პარტნიორებთან საპარლამენტო ასამბლეაში, რათა მან [ასამბლეამ] აღიდგინოს თავისი რეპუტაცია, როგორც კანონის უზენაესობის, ევროპაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მნიშვნელოვანი დამცველი.
შეგახსენებთ, 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის მიტაცებისა და ანექსიის შემდეგ, მოსკოვის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება ჩამოერთვა. ამის საპასუხოდ მოსკოვმა ჯერ დელეგაციის მუშაობა შეაჩერა ასამბლეაში, ოდნავ მოგვიანებით კი საწევროს გადახდაზე თქვა უარი.
მიმდინარე წლის ივნისში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, სრულად აღუდგინა რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება, რასაც მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის, საქართველო, დიდი ბრიტანეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის დელეგაციები.