პარლამენტში ჩამოყალიბდნენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს საზოგადოების ასეთი შეშფოთება, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შეწყალების წესები გადასახედია.
"ადრეც ვთქვი, რომ ინიციატივით გამოვდიოდი, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე შედგა. იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩვენი ვერსია ეს გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. ალბათ მომავალი კვირიდან შედგება ის სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტია შევა და ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს საზოგადოების სწორედ ასეთი შეშფოთება. გამომდინარე ამ ვითარებიდან, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ შეწყალების პროცესში შეცდომა იყო დაშვებული. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის პრეზიდენტის სუბიექტური და პერსონალური გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ.
"მინდა, ვთქვა, რომ შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის ვინმეს გამართლება, არც რევიზია რომელიმე სასამართლოსი, რაღაც მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ რამე გამოცდილება, ეს არის პრეზიდენტის სუბიექტური და პერსონალური გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, მოცემულობისა და შეფასება ადამიანის მიერ, რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი, მაგრამ ადამიანის მიერ, რომელიც არც გამორიცხავს შეცდომას და არც გამორიცხავს, რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება იმ გარემოებებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წყალების წესები უნდა გადაიხედოს, მანამდე კი მორატორიუმი გამოცხადდეს.
"როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ, როგორ იქნება, წესები როგორ იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადახხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის, ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკაშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. შეყალებულებს შორის არის 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. დავით ოთხმეზური პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ასლან ბეჟანიძე პოლიციამ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, 2016 წლის 26 მარტს დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მაშინ ბრალდებული გაამართლეს. მოგვიანებით, 2018 წლის 2 მარტს ასლან ბეჟანიძე კვლავ დააკავეს.
ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.
შეწყალებულთა შორის იყო ასევე პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე. რამაზ დევაძეს პოლიციელის მკვლელობისთვის 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს პოლიციეი თარაშ მუკბანიანთან შელაპარაკება მოუვიდა. ხუბის დროს მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.