"იმედი მაქვს, არასდროს ეყოლება საქართველოს უზენაეს სასამართლოს ისეთი მოსამართლე, როგორიც ნინო გვენეტაძე იყო“ - წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, ასლან ბეჟანიძე, რომელიც ორმა ინსტანციამ გაამართლა, ცრუ მოწმეების ჩვენების საფუძველზე, უზენაესმა სასამართლომ გაამტყუნა.
"დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე პროკურატურას წარმოდგენილი ჰყავდა ცრუ მოწმეები. მოგახსენებთ თუ რას ამბობს საქმის პირდაპირი მოწმე: მოწმე თ.ბ. ყვება, რომ იდგა გაჩერებასთან და ელოდებოდა ავტობუსს. მისგან მარცხნივ, 20 მეტრში კი თითქოს დაინახა, როგორ ჩაარტყა ორჯერ დანა ბეჟანიძემ მის ახლო მეგობარს, დავით ოთხმეზურს და გაიქცა.
მოწმე ყვება, 5 წუთის განმავლობაში თუ როგორ გადადიოდა დაჭრილი ოთხმეზური გზის მეორე მხარეს, როგორ სდიოდა სისხლი და ა.შ. მოწმის თქმით, მან დაინახა თუ როგორ ჩასვეს გზის მეორე მხარეს დაჭრილი ოთხმეზური მანქანაში უცნობმა პირებმა და წაიყვანეს საავადმყოფოში.
მოწმე ხაზგასმით აცხადებს, რომ ის მთელი ამ 5 წუთის განმავლობაში იდგა გაჩერებასთან და იქიდან უყურებდა ამ ყველაფერს.
კითხვაზე, თუ რატომ არ მიუახლოვდა მის საუკეთესო ძმაკაცს, რომელიც დაჭრილი იყო და რატომ ადევნებდა მის 5 წუთიან ტანჯვას თვალს გაჩერებიდან, მოწმე პასუხობს: "იმიტომ რომ შეყვარებულთან მეჩქარებოდა".
ნინო გვენეტაძემ და პაატა სილაგაძემ ამ მოწმის ჩვენებაში საეჭვო ვერაფერი შენიშნეს და გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი!
სხვა მოწმეების ჩვენებები კი იმდენად ტრაგიკომიკური და აბსურდული იყო, ძალიან შორს წამიყვანს მათი ცალ-ცალკე მიმოხილვა. პრაქტიკულად ყველა მოწმე ნასამართლევი იყო სხვადასხვა უმძიმესი დანაშაულისთვის. მათ ჩვენების მიცემის შემდეგ გაუფორმეს საპროცესო შეთანხმებები. ასევე, იგივე მოწმეები პროკურატურამ გამოიყენა სხვა საქმეებზეც. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყველა მათგანის ჩვენება წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი იყო.
ასეთი ცრუ მოწმეების ჩვენებების გაზიარება და ორივე ინსტანციაში გამართლებული პირის გამტყუნება არის სირცხვილი!
იმედი მაქვს, არასდროს ეყოლება საქართველოს უზენაეს სასამართლოს ისეთი მოსამართლე, როგორიც ნინო გვენეტაძე იყო", - აღნიშნავს კაკაბაძე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.
დავით ოთხმეზური პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ასლან ბეჟანიძე პოლიციამ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, 2016 წლის 26 მარტს დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მაშინ ბრალდებული გაამართლეს. მოგვიანებით, 2018 წლის 2 მარტს ასლან ბეჟანიძე კვლავ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.