ორივე შეწყალებული იყო აჭარელი. იქ, რაღაც კორუფციული სქემა ააწყო პრეზიდენტმა და აკეთებს ფულს, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტენდენციის სახე მიიღო რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ზედმიწევნით ათავისუფლებს ძალიან მძიმე დანაშაულებში, მკვლელობაში მსჯავრდებულებს.
„ეს შემთხვევები მიმყარებს ეჭვს, რომ კორუფციაშია ჩართული შეწყალებებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი. სხვა ახსნა არ მაქვს. შეწყალების კომისია გაუქმებულია. ჰაერში გამოკიდებულია დებულება, კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მსჯავრდებულთა საქმეები ხარისხდებოდა. ორივე შეწყალებული იყო აჭარელი, აჭარაში რაღაც კორუფციული სქემა ააწყო სალომე ზურაბიშვილმა და აკეთებს ფულს. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს“, – აღნიშნა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი განმარტებებს არ გააკეთებს, უნდა დაიწყოს მის მიმართ გამოძიება და იმპიჩმენტის საკითხი დაისვას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. დავით ოთხმეზური პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ასლან ბეჟანიძე პოლიციამ 12-წლიანი ძებნის შემდეგ, 2016 წლის 26 მარტს დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მაშინ ბრალდებული გაამართლეს. მოგვიანებით, 2018 წლის 2 მარტს ასლან ბეჟანიძე კვლავ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე შეიწყალა. რამაზ დევაძეს პოლიციელის მკვლელობისთვის 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს პოლიციეი თარაშ მუკბანიანთან შელაპარაკება მოუვიდა. ხუბის დროს მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.