დღეს გამთენიისას თბილისში ევროკავშირის 27 ელჩი ჩამოფრინდა. ელჩები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.
შეხვედრების დროს მთავარი განსახილველი საკითხი ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლება იქნება.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანსიორგ ჰაბერის განცხადებით, ელჩები შეხვდებიან საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს და უშუალოდ მათგან მოისმენენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის შეფასებას.
"ეს არის ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ელჩების ვიზიტი. აღნიშნული კომიტეტი არის ერთ-ერთი ორგანო ევროკავშირში, რომელიც ჩვენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ინსტრუქციებს გვაძლევს. მათ აინტერესებთ საქართველოში ამ მისიის მუშაობა. ხვალ ჩვენ შევხვდებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, პირველ რიგში პრეზიდენტს და მოვისმენთ, როგორ აფასებენ მონიტორინგის მისიის საქმიანობას. სწორედ ახლა ვბრუნდები ჟენევის მოლაპარაკებებიდან, სადაც ტირძნისში დაკავებული მოზარდების საკითხიც განიხილეს. რა თქმა უნდა, თვალყურს მივადევნებთ ამ საკითხს მოზარდების გათავისუფლებამდე", _ განაცხადა ჰანსიორგ ჰაბერმა.