ბაჰამის კუნძულებზე, ქარიშხალი „დორიანის“ შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 7 ადამიანს მიაღწია.
ექსპერტები აცხადებენ, რომ „დორიანი“ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქარიშხლად ჩამოყალიბდა. 290 – 355 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ჰაერის მასები კარიბის კუნძულებზე აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.
ბაჰამის პრემიერ-მინისტრის, ჰუბერტ მინისის განცხადებით, მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
„გარდაცვლილთა გაცილებით დიდ რაოდენობას ველით. ეს არის ინფორმაცია, რომელიც პირველადი დათვალიერების შედეგად მოვიპოვეთ. უდიდესი ზიანი მიიღო მარშ ჰარბორმა, აქ სახლების 60%-ზე მეტი მთლიანად განადგურდა“,- აღნიშნა ბაჰამის პრემიერ-მინისტრმა.
ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, 13,000 სახლზე მეტი განადგურდა, ხოლო 60,000 ადამიანს საკვებისა და წყლის რესურსები არ გააჩნიათ.
„რასაც ჩვენ ვხედავთ და გვესმის ეს არის ის, რომ კატასტროფულმა ქარიშხალმა, კატასტროფული ზიანი მოგვაყენა“,- განაცხადა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა.
ქარიშხალი "დორიანი" აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ ნელა მიემართება. დროთა განმავლობაში, ქარიშხალი კიდევ უფრო მეტ ძალას იკრებს. მეტეოროლოგების განცხადებით, ფლორიდაში "დორიანის" დარტყმას 36 საათში ელოდებიან.