იაპონიაში, ტაიჯის სანაპირო ქალაქში დელფინებზე ნადირობა დაიწყეს. იაპონიაში დელფინებს საკვებად იყენებენ. მონადირეები დელფინებს ცოცხლადაც იჭერენ, რათა ადგილობრივ თუ უცხოურ აკვაპარკებსა და აკვარიუმებს ცხოველები მიყიდონ.
ტაიჯის სანაპირო ზოლში დელფინებზე ნადირობა 2009 წლის ოსკაროსანი ფილმის The Cove-ის შემდეგ მუდმივი კრიტიკისა და განხილვის საგანია.
იაპონია, საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგაც გაეხვა, რაც შემოსავლის მიღების მიზნით წინა წელს ვეშაპებზე ნადირობის ნებართვა გასცა.
ტაიჯის სანაპირო ზოლში, წლევანდელი სეზონი 1700 დელფინის დაჭერისა და მოკვლის ნებართვას იძლევა. გარემოსდამცველთა განცხადებით, იაპონიის გადაწყვეტილება ვნებს ბუნებას და საფრთხეს უქმნის დელფინების პოპულაციას.
ტაიჯის დელფინებზე ნადირობის სეზონი 6 თვეს გასტანს.
უკანასკნელ წლებში, დელფინისა და ვეშაპის ხორცზე დიდი მოთხოვნაა, რასაც ცხოველების მკვლელობის უამრავი არალეგალური ფაქტი მოწმობს. ცოცხლად დაჭერილ ცხოველებს კი აკვაპარკები ყიდულობენ, რომლებიც გაცილებით მეტ თანხას იხდიან. საერთაშორისო ორგანიზაციები დღემდე დიდ ზეწოლას ახდენენ აკვაპარკებზე, რათა ტაიჯიში დაჭერილი თევზები არ შეიძინონ.