ორგანიზაცია Earth Alliance-მა, რომელიც ლეონარდო დიკაპრიოს, ლორენ პოუელ ჯობსისა და ბრიან შეტის მიერ არის დაფუძნებული, ამაზონის ნახანძრალი ტყეების აღსადგენად ბრაზილიაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს 5 მლნ აშშ დოლარი გადაურიცხა.
ინფორმაცია ორგანიზაციის Instagram-ზე გავრცელდა.
Earth Alliance-ი მოუწოდებს ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ ამაზონის ტყის გადარჩენის საქმეში და გაიღონ შემოწირულობა.
"ჩვენ ვალდებულები ვართ დავეხმაროთ და დავიცვათ ველური ბუნება. ღრმად ვართ შეშფოთებული ამაზონის კრიზისის გამო, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს კლიმატურ ბალანსზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შექმნილია ფონდი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოწირულობის გადარიცხვა - ealliance.org/amazonfund.
სამი კვირაა ამაზონის ტყეებში ხანძარი მძვინვარებს.
ამაზონის ტყე მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს და სწორედ ამიტომ, მას სხვაგვარად "დედამიწის ფილტვებს" უწოდებენ.