საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (IAU) პლანეტა პლუტონისა და კოიპერის სარტყელის შესწავლაში შეტანილი განსაკუთებული წვლილისთვის 14 მეცნიერს პატივი მიაგო და მათი სახელები პლანეტის კრატერებს უწოდა. მათ შორის მოხვდა ქართველი ასტროფიზიკოსი, რონალ კილაძე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი პლანეტის შესწავლაში.
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ქართველ მეცნიერს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი პლანეტის კვლევაში, მისი თანამგზავრის შესწავლის, მასის დადგენისა და დღე-ღამის გამომთვლელი უნივერსალური ფორმულის ჩამოყალიბებაში.
როლან კილაძე ძირითადად შეისწავლიდა მზის სისტემის სხეულების მოძრაობისა და წარმოშობის საკითხებს. მის მიერ გამოყვანილია უნივერსალური ფორმულა, რომელიც შორეულ პლანეტებზე დღე-ღამის ხანგრძლივობის გამოთვლის საშუალებას იძლევა. ეს თეორია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ თითოეულმა პლანეტამ ბრუნვითი მოძრაობა დაიწყო ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში, როდესაც იმყოფებოდა საპირისპიროდ მოძრავი ნაწილაკების ძლიერი დარტყმების ქვეშ.
როლან კილაძის მიერ შექმნილი პლანეტების წარმოშობის თეორიის საფუძველზე შესაძლოა განისაზღვროს პლანეტების ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარეები, მასები, დიამეტრები და მზიდან მათი დაშორების მანძილი;
1966 წელს, ქართველმა მეცნიერმა პლუტონის მასა განსაზღვრა.
ფოტომეტრული მეთოდის გამოყენებით მან გამოითვალა პლანეტა სატურნის რგოლების სისქე (1967), რაც 14 წლის შემდეგ დაადასტურეს ფრანგმა მეცნიერებმა (1981), ხოლო 1995 წელს - ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით ჩატარებულმა დაკვირვებებმა.
1975 წელს მან გედის თანავარსკვლავედში აღმოაჩინა ზეახალი ვარსკვლავი.
როლან კილაძემ ჯერ კიდევ 1976 წელს გამოთქვა ვარაუდი, რომ პლანეტა პლუტონი ჯერ კიდევ იმყოფება ჩამოყალიბების სტადიაში, მის გარშემო ჯერ კიდევ არის ნაწილაკთა გროვა და პლუტონის თანამგზავრის "ქარონის" აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა მისი არსებობა.
1986 წელს მან ჩამოაყალიბა თეორია პლანეტების თანამედროვე ბრუნვის შესახებ, რომლის დადასტურებად 2005 წელს აღმოჩენილი პლუტონის კიდევ ორი მცირე ზომის თანამგზავრი შეიძლება ჩაითვალოს.
როლან კილაძე დაიბადა 1931 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ თბილისში. 1950 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 7 ვაჟთა საშუალო სკოლა. 1950 წლიდან სწავლობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1955 წელს დაამთავრა წარჩინებით, სპეციალობით ასტრონომია. 1955-2010 წწ. მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 1955-1958 წწ. იყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტი. 1962 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1982 წელს - სადოქტორო დისერტაციები. 1988 წლიდან არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
როლან კილაძე სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის (1962-2006) და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის (1985-1990) კათედრებზე. 2007- 2010 წწ. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
როლან კილაძე 1964 წლიდან იყო საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის, 1982 წლიდან კი - ევროპული ასტრონომიული საზოგადოების წევრი. ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს კოსმონავტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ასტრონომიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.
როლან კილაძე გარდაიცვალა 2010 წლის 22 თებერვალს.