დღეს, 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, კინოს სახლში - ახალი პოლიტიკური ძალა ,,თეთრი მოძრაობა" (თეთრები) საზოგადოებას წარუდგენს ორ დოკუმენტს: ,,ხსნა დემოკრატიაშია" და ,,ღირსების ულტიმატუმი". ამ დოკუმენტებში ჩამოყალიბებულია ,,თეთრების" პოზიცია ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით.
როგორც ,,თეთრების" დამფუძნებელთა საბჭოს წევრმა თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა: ,,დოკუმენტები შექმნილია მეცნიერთა აქტიური მონაწილეობით, დიმიტრი ყიფიანის საზოგადოებასთან და თავისუფლებისა და მშვიდობის ფონდთან ურთიერთთანამშრომლობით".
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან: მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები, საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, ჟურნალისტები.
,,თეთრებს" მიაჩნიათ, რომ 23 ნოემბრამდე, ანუ ე.წ. ,,ვარდების რევოლუციის" 6 წლისთავამდე, შესაძლებელია ერთიანი პოლიტიკური განწყობის დოკუმენტის შემუშავება. ისინი თვლიან, რომ ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო, მაგრამ ღირსებით, რადგან მხოლოდ ღირსებით ბრძოლა მიგვიყვანს ღირსეულ და ძლიერ საქართველომდე".