ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 20 საინსპექციო კონტროლი განახორციელა.
სააგენტოს ცნობით, ინსპექტირებისას აღებული საექსპორტო 100 ნიმუშიდან ყველა შეესაბამებოდა ლაბორატორიის ოქმში მოცემული ღვინოების ფიზიკოქიმიურ მახასიათებლებს და შედეგად, ყველა მათგანს თანხმობა ეთქვა სერტიფიკატის გაცემაზე.
ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 23 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 789 ნიმუში, მათგან 62 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი 727 - დადებითად.
ხარისხის კონტროლი ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბოლო წლებში მუშაობა გაძლიერებულია, რაც მუდმივი და შეუქცევადი პროცესია.