მრცხვენია ჩემი კოლეგების, ვარსკვლავების, ვის კალენდარშიც წლებით ადრე ყველა დღე გაწერილია, მაგრამ მაინც პოულობდნენ დროს და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ჩამოდიოდნენ საქართველოში ბავშვების დასახმარებლად - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" დაწერა.
"მრცხვენია ჩემი კოლეგების, მსოფლიო დონის ვარსკვლავების, ვის კალენდარშიც წლებით ადრეა ყველა დღე გაწერილი, მაგრამ მეგობრობის პატივსაცემად მაინც პოულობდნენ დროს და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ჩამოდიოდნენ საქართველოში ბავშვების დასახმარებლად. მცხვენია, რომ მავნებელი ოლიგარქისგან დასაცავად ავსტრიის მხარდაჭერა და უცხოელი ადვოკატების თანადგომა დამჭირდა. მცხვენია, რომ საქართველოში ამდენ ადამიანს უჭირს და ფაქტიურად, ბოლომდე გაანადგურეს ქველმოქმედების იდეა, ყველას და ყველაფრის მიმართ გააჩინეს უნდობლობა და ეჭვი.
ჩვენ რომ მოვლენებზე სწორი და დროული რეაგირება შეგვეძლოს მჯერა, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავდა ამდენს. ახლა ხომ მაიც ცხადად გამოჩნდა ყველაფერი, ახლა ხომ მაინც აღარ არსებობს კითხვის ნიშნები, ახლა ხომ მაინც ყველა ვხედავთ, რომ დიდი ფული იხარჯება ტროლურ კამპანიებში და მოქალაქეთა შორის ხელოვნური დაპირისპირების, სიძულვილის გაღვივებაში. ოლიგარქისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს ყოველი ახალი ძალა, მამუკა ხაზარაძის მოძრაობა იქნება ეს თუ პარლამენტის წინ შეუპოვრად მებრძოლი ახალგაზრდების გაერთიანება. საკუთარი მილიარდების გადასარჩენად ის ყველაფერზე მიდის. და ამ დროს, მას ავიწყდება მთავარი, ქართველს ჩაგვრით ვერავინ დააშინებს, ის მხოლოდ მცირე დროით შეიძლება შეაფერხო საბოლოო გამარჯვებამდე",- წერს მომღერალი.