აირჩიე ბათუმი, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება შენი შემდეგი მოგზაურობისთვის - ამ მოწოდებას Wizz Air-ის 2.5 მილიონზე მეტი მგზავრი ერთი თვის განმავლობაში მიიღებს. ბათუმში დასვენების მოწოდებით დაბრენდილ ჩასხდომის ბარათებს ავიაკომპანიის მგზავრები ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებებზე გაეცნობიან.
Wizz Air -ის ყველა მგზავრი, რომელიც აღნიშნული 7 ქვეყნიდან ან მათი მიმართულებით ბილეთს ერთი თვის განმავლობაში შეიძენს ბათუმის რეკლამას ელექტრონულ ფოსტაზეც მიიღებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის პოპულარიზაციას ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მეშვეობით 23 აგვისტომდე გააგრძელებს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უმსხვილესი ავიაკომპანიის თითოეულ მგზავრამდე მივიტანოთ ინფორმაცია დაისვენონ ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ ქალაქში. ამ შემთხვევაში რეგიონის რეკლამას ეცნობა ის მგზავრები, რომელთა ჩაფრენის ან გამოფრენის მიმართულება უკრიანასთან ერთად ჩვენი სამიზნე ევროპული ქვეყნებია. ჯამში, კი ეს ციფრი მინიმუმ 2,5 მილიონ მგზავრს ითვალისწინებს. აჭარის პოპულარიზაცია ასევე, დავიწყეთ National Geographic-ზე, სადაც წელს პირველად რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი ეცნობა. პარალელურად ვმასპინძლობთ წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალიტებსა და ბლოგერებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის შესახებ სტატიებს, ბლოგებსა და რეპორტაჟებს აქვეყნებენ. აჭარის რეკლამას ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებშიც, სადაც ჩვენი ცნობადობა მაღალია და შესაძლებელია პოტენციური ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.