წყვილმა ერთმანეთი 2000 წელს, ფილმ „მექსიკელის" გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ფილმში ჯულია ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა, დენი კი ოპერატორის თანაშემწე იყო. გადაღებების დასრულების შემდეგ ჯულიას და დენის ერთად ხედავდნენ ხან ლოს ანჯელესში, სადაც დენი ცხოვრობდა, ხან ნიუ მექსიკოში, ჯულიას რანჩოს სიახლოვეს.
მაინც რითი დაატყვევა ჩვეულებრივმა ბიჭმა სუპერვარსკვლავი? ჯულიას თქმით, ის ყოველთვის ოცნებობდა უბრალო, ადამიანურ ცხოვრებაზე, რომელიც შორს იქნებოდა წითელი ხალიჩების და პრემიებისგან. როგორც მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, დენი გამოირჩეოდა ყველა მისი ყოფილი მამაკაცისგან.
„ის ნამდვილი მამაკაცია, სერიოზული, უანგარო. ის ყოველთვის პასუხს აგებს თავის სიტყვებზე და არასდროს დაადანაშაულებს სხვას თავის არჩევანში", - ამბობდა ჯულია.
მათი ურთიერთობის პიკანტურობა კი ის იყო, რომ გაცნობის დროს დენი 4-წლიან ქორწინებაში იმყოფებოდა ვიზაჟისტ ვერა მოდერთან. როდესაც პაპარაცებმა ჯულია და დენი ერთად დაინახეს, მედიაში გაავრცელეს ფოტოები, რასაც სკანდალი მოყვა.
ჯულიას ალქაჯსა და ოჯახის დამანგრეველს უწოდებდნენ. ვერა კი ინტერვიუებში ამბობდა, რომ დენის ამ „სხვის ქმრებზე მონადირეს" არ დაუთმობდა.
დენის გულის მოსაპოვებლად ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. რობერტსმა ვერას 10 ათასი დოლარი შესთავაზა, რათა განქორწინებაზე დათანხმებოდა, მაგრამ ვერა შეუვალი აღმოჩნდა. მოგვიანებით თანხა 110 ათას დოლარამდე გაიზარდა, შემდეგ კი 220 ათასი გახდა. ბოლოსდაბოლოს ვერა განქორწინებას დათანხმდა, ჯულიამ კი ის მიიღო, რაც სურდა.
მომხდარის შემდეგ დენის გულწრფელობის არავის სჯეროდა, ჯულიას გარდა.
“ის ამბობს, რომ მისი ქორწინება უკვე დასრულებულია. ვფიქრობ, შემიძლია, მისი მჯეროდეს!", - ამბობდა ჯულია.
ვრცელდებოდა ხმები, რომ ასეთი დასასრულით უკმაყოფილონი იყვნენ მოდერის ახლობლები - მამა და დედინაცვალი. ფიქრობდნენ, რომ მათი შვილის ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ქარაფშუტა „ლამაზმანმა" დაანგრია, რომელიც მისით გაერთობოდა და შემდეგ მიატოვებდა. დენის მხარს მხოლოდ მისი ნამდვილი დედა - პატი უჭერდა, თუმცა სამწუხაროდ მან ვერ მოასწრო ამ ისტორიის ბედნიერი დასასრული ეხილა. პატი 59 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
დენიელის ნათესავებს ხელიდან არ გაუშვიათ მომხდარში ჯულია დაედანაშაულებინათ, რადგან მათი აზრით, შვილზე ნერვიულობა გახდა პატის გულის შეტევის მიზეზი. ნათესავებს დედის დაკრძალვაზე დენისთვის არც კი მიუსამძირებიათ, მასთან საუბარზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მაგრამ ამას ჯულია არ შეუშინებია, ის დარჩა დენიელის გვერდით, რათა მძიმე დღეებში მისთვის თანადგომა გაეწია.
2002 წლის 4 ივლისს, დენისა და ვერას განქორწინებიდან ორი თვის შემდეგ, ჯულია და დენი დაქორწინდნენ, ჯულიას რანჩოში, ოჯახური ბარბექიუს დროს, ყოველგვარი პათოსისა და ცერემონიის გარეშე. საბოლოოდ ნათესავებმა მაინც მიიღეს ჯულია, ქორწინების დღეს კი დენის მამამ მაიკ მოდერმა უთხრა:
„ჯულია, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ოჯახში".
2004 წლის 28 ნოემბერს ისინი ტყუპების მშობლები გახდნენ - ბიჭს ფინეასი, გოგოს კი ჰეიზელი დაარქვეს. მაშინ მსახიობმა აღიარა, რომ შვილებმა მას ცხოვრების აზრი მისცეს.
ახალმა სტატუსმა გავლენა მოახდინა ჯულიას კარიერაზე, ის სულ უფრო ხშირად ამბობდა უარს ახალ როლებზე, თუმცა თავი ახალ ამპლუაში გამოსცადა და ანიმაციური ფილმების გახმოვანება დაიწყო.
ამბავი ვარსკვლავის მეორე ორსულობის შესახებ ძალიან მალე, უკვე 2006 წლის ბოლოს გავრცელდა. მესამე ბავშვი ქვეყნიერებას 2007 წლის ივნისში მოევლინა, ბიჭს ჰენრი დაარქვეს.
ბოლო პერიოდში ჯულია გადაღებებზე ძალიან იშვიათად თანხმდება. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ოსკარის გადაცემის ცერემონიაზეც კი არ გამოჩენილა და მის ნახვას ოჯახთან ერთად ტელევიზორის მეშვეობით ამჯობინებდა.
“საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი შვილებისთვის, ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, მათი თანდასწრებით", - გაამხილა ერთხელ ჯულია რობერსტმა ოჯახურის ბედნიერების საიდუმლო.
მაკა სვიმონიშვილი, "ჯი-ეიჩ-ენი"