რუსთავი 2-ის საქმეზე სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებული დავა, პალატის დონეზე - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
"ერთხმად დაადგინა რომ აღარ არსებობს 2017 მარტში შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად რუსთავი 2 ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა, დაუშვებლად სცნო როგორც დაუსაბუთებელი ძმები ყარამანიშვილებისა და "ტვ საქართველოს" საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით.
ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარანიშვილებისა და ტვ საქართველოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება მოსამართლე ნინო გვენეტაძეს. ერთხმად დაუშვებლად სცნო სამივე მომჩივანის, ძმები ყარამანიშვილებისა და "ტვ საქართველოს" სამართლიანი სასამართლოს ნაწილში არაერთი პრეტენზია.
ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა,რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და ტვ საქართველოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც შეეხებათ მოსამართლეებს, ურთმელიძესა და თოდუას.
ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში. გადაწვეტილებას ერთვის, სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხთან, რაც შეეხება ურთმელიძესა და ქალბატონ თოდუას, ამ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში დარჩენილი იმ ერთი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელმაც როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, სწორედ ამ ორ კომპონენტში, სამართლიანი სასამართლოსი მისცა წინაამდეგ ხმა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნილი, მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილების შუამდგომლობა, რომელიც უარყოფილი იქნა როგორც, ვციტირებ, „სრულად დაუსაბუთებელი".
ეს არის საქმის სარეზოლუციო და სხვა ნაწილების მოკლე შეჯამება. გადაწვეტილება არის 100ზე მეტი გვერდისაგან შემდგარი, შესაბამისად მის სამოტივაციო ნაწილს ჩვენც და მოწინააღმდეგე მხარეც დეტალურად მომავალში გავეცნობით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის, წინ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომელიც აჩერებდა რუსთავი 2-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
თავის დროზე უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის შესახებ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო, რომელიც მოგვიანებით შეაჩერა სტრასბურგის სასამართლომ, დროებითი ღონისძიების სახით.
2017 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს დიდმა კოლეგიამ მოსარჩელეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 პროცენტი – შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.
სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ.