ხვალ, 12 ნოემბერს, 16 საათზე, რესტორან "წისქვილში" "ხარისხის ნიშნით" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში ფონდ "ქართულ ხარისხს", გაზეთ "პრაიმ თაიმსსა" და ინგლისურენოვან გაზეთ " Georgia Today "-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმება.
ღონისძიების ორგანიზატორი ფონდი "ქართული ხარისხია" და მისი მიზანი ბიზნესის განვითარებისა და მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების წარმოჩენა და ხელშეწყობაა.
ევროპის ხარისხის კვირეული ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანაში ნოემბრის თვის მეორე კვირას იმართება. კვირეულის მიზანია, ცნობიერების ამაღლება ხარისხის სფეროში, წარმატებული კომპანიების საქმიანობის დემონსტრირება და კონკურენციის პირობებში ხარისხის მნიშვნელობის წარმოჩენა, როგორც კომპანიების წარმატების საწინდარი.
ხარისხის ნიშნის ლაურეატები არიან: შპს "ტკბილი ქვეყანა", სს "საქკაბელი", მაღაზიათა ქსელი "ჩაიმანია", და რესტორანი "წისქვილი".
ღონისძიებაზე მიწვეულნი იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი წარმომადგენლები, ბიზნესმენები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.