ბათუმში მე-16 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში ევროკავშირის წარმომადგენლებმა და საქართველოს მთავრობამ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სფეროში საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის პირველ პროგრამას ხელი მოაწერეს.
"SAFE: ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში”, ხუთწლიანი და 28 მილიონი ევროს (86 მილიონი ლარის) ღირებულების პროგრამა 2019 წელს დაიწყება. იგი მთავრობას დანაშაულისა და კორუფციის, ჰიბრიდული და განვითარებადი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, საზღვრის მართვის, სამოქალაქო დაცვისა და კრიზისების მართვაში და ასევე უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობაში დაეხმარება.
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ეს პროგრამა უზრუნველყოფს უსაფრთხო საზღვრებს და ხელს შეუწყობს მთავრობას უფრო ეფექტურად დაიცვას საკუთარი მოქალაქეები დანაშაულისა და კიბერდანაშაულებისაგან, ჰიბრიდული საფრთხეებისა და სტიქიური უბედურებებისგან. ამავე დროს იგი მოქალაქეთა უფლებების დასაცავად პარლამენტის, ომბუდსმენის, დამოუკიდებელი ზედამხედველობის ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან უსაფრთხოების სისტემაზე ზედამხედველობას გააძლიერებს" აღნიშნა ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორატის ხელმძღვანელმა ლორენს მერედიტმა.
"საქართველო მადლობელია ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარებისთვის, რომელიც ქვეყნის ევროპული ტრანსფორმაციისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს, განსაკუთრებით ეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში ვლინდება. ქართული მხარე SAFE პროგრამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. იგი ასეთი სახის პირველ პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტების განხორციელებას, მათ შორის დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ჰიბრიდული საფრთხეებისა და სტიქიური უბედურებების წინააღმდეგ ბრძოლას ხელს შეუწყობს. ამავდროულად, ევროკავშირის ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია", აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.
ამ პროგრამას 12 სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრი (EMCDDA), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS) და ასევე კერძო საკონსულტაციო ფირმები განახორციელებს. ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის საგრანტო კონკურსები გაიმართება. დაგეგმილია პროგრამის საჯარო გახსნის ღონისძიება.
ამასთანავე, საქართველოში ფისკალური მმართველობის შემდგომი გაძლიერების მიზნით ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს 18 მილიონი ევროს (57 მილიონი ლარის) ღირებულების პროგრამას "ევროკავშირი ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულებისთვის". ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა მიმართული იქნება საბიუჯეტო ჩარჩოების დახვეწაზე, გარე აუდიტის გაძლიერებასა და დამოუკიდებელ ფისკალურ მონიტორინგზე, ისევე როგორც საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში სამოქალაქო მონაწილეობის წახალისებაზე. იგი მთავრობისთვის პირდაპირი საგრანტო მხარდაჭერის, ისევე როგორც ტექნიკური დახმარების პროექტების საშუალებით შესრულდება, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელდება.