შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.
"სასტუმროს მომსახურების უნარ-ჩვევების" შესახებ გადამზადების კურსი 15 ქალაქსა და დაბაში გაიმართა. (თბილისი, წყალტუბო, ბაღდათი, ქუთაისი, მესტია, ამბროლაური, ონი, გორი, ოზურგეთი, თეთრიწყარო, მარნეული, თელავი, ბორჯომი, ყაზბეგი, თიანეთი).
ტრენინგი განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალისათვის ჩატარდა. გადამზადების კურსი ჯამში ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულმა 240-მა ადამიანმა გაიარა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის ბოლომდე 2000-ზე მეტი კაცის გადამზადებას გეგმავს.
"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს სატრენინგო პროგრამას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გადავამზადეთ 240-მდე ადამიანი სრულიად უსასყიდლოდ. კონკრეტული ტრენინგი ეხება მომსახურების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. სწავლების მიზანია მომსახურების სფეროში ავამაღლოთ ხარისხის დონე და ხელი შევუწყოთ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას",-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.