სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარი თავდასხმის გამო "სახელმწიფო ან საზოგადო პირის სიცოცხლის ხელყოფის" მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სეპარატისტები არ გამორიცხავენ, რომ ანქვაბზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების საქმეში დახმარებისათვის რუსეთს მიმართონ.
გამოძიებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური აწარმოებს.
"ამჟამად შემთხვევის ადგილზე პროკურატურისა და ოპერატიული სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. ასევე არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე დახმარებისათვის ჩვენს რუს კოლეგებს მივმართოთ. წინა შემთხვევის დროს ისინი ჩვენ დაგვეხმარნენ ექსპერტიზის მასალებთან დაკავშირებით", _ განაცხადა დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურის პრესსმდივანმა ჰენრიხ გამისონიამ.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტზე თავდასხმა წუხელ 03.00 საათზე მოხდა. გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, ნათესავის სახლს, სადაც ბოლო წლებია ანქვაბი ცხოვრობს, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. ალექსანდრე ანქვაბი ფეხშია დაჭრილი. თავად
ანქვაბის განცხადებით, უცნობმა პირებმა მის სახლს ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი. ჭურვი ოთახში შევარდა, სადაც მას ეძინა.
"დაჭრილი ვარ ფეხში და ხელში", _ განაცხადა ანქვაბმა. ინციდენტის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან. ანქვაბმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა და მას მკურნალობა სახლში უტარდება. სეპარატისტების ლიდერის, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ანქვაბზე თავდასხმა ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებაა.
"ამჟამად ალექსანდრე ანქვაბი უსაფრთხოდაა. მიჭირს იმის ახსნა, ვინ შეიძლება იდგეს ამ დანაშაულის უკან. ერთ რამეში კი ეჭვი არ მეპარება, ეს დანაშაული არის რესპუბლიკაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა", _ განაცხადა ბაღაფშმა.
უნდა აღინიშნოს, რომ წუხანდელი ინციდენტი მეოთხეა ანქვაბთან მიმართებაში. სამი წინა თავდასხმის დროს, მას პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. ორი თავდასხმა 2005, ერთი კი 2007 წელს მოხდა.