პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ გააკრიტიკა ევროკავშირი, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გადადების გამო. ანდჟეი დუდამ ეს განცხადება პოზნანში, ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, დაანახოს ამ ქვეყნებს ევროკავშირისკენ მიმავალი მკაფიო გზა.
დუდას თქმით, ალბანეთსა და ჩრდ. მაკედონიას არ უნდა სთხოვდნენ, ისეთ მარათონში მონაწილეობას, რომლის ფინიშის ხაზი არ ჩანს.
პოლონეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამ ქვეყნებმა გაატარეს ძირეული რეფორმები, რათა გაეუმჯობესებინათ ევროკავშირში გაწევრიანების შანსები.
გასულ თვეს, ევროკავშირმა ალბანეთსა და ჩრდ. მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ოქტომბრის ბოლომდე გადადო, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების მოთხოვნის გამო.
პოლონეთის ქალაქ პოზნანში ევროკავშირის და ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერების სამიტი გაიმართა.