დღეს სპორტის დეპარტამენტის საპრესკონფერენციო დარბაზში კალათბურთის ფედერაციის არჩევნები გაიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი იყო დასახელებული. ლიპარტელიანი არჩევნებზე დამსწრე 58 დელეგატმა ერთხმად მესამე ვადით აირჩია.
ბესიკ ლიპარტელიანი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 2001 და 2005 წლების საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ მორიგი 4-წლიანი ვადით გაუძღვება.
ლიპარტელიანმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა დელეგატებს და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრებმა A-დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა გაცილებით მეტი ამხანაგური მატჩი უნდა ჩაატაროს. რასაც, ცხადია გაზრდილი დაფინანსება სჭირდება.
"ამის თაობაზე უკვე ვესაუბრეთ სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და დაპირებაც მივიღეთ, რომ დაფინანსება გაგვეზრდება. ასევე, დიდი მხარდაჭერა გვაქვს მოედნების რეაბილიტაციის საკითხში. მოგეხსენებათ, რომ 2011 წელს ევროპის რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძლობა გვსურს. სახელმწიფო მხარში გვიდგას და იმედია ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხდა ლიპარტელიანმა.
ლიპარტელიან არჩევა საქართველოს ახალგარდობისა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ნამგალაურმა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების A- დივიზიონში გასვლის მერე კალათბურთის ფედერაციას უფრო მეტი შრომა მოუწევს.
"ჩვენ გვსურს, რომ 2011 წელს ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ და საამისოდ სახელმწიფოსგან ყველაფერი გაკეთდება. უახლოეს მომავალში იგეგმება რამდენიმე შენობის რეაბილიტაცია იმისთვის, რომ დარბაზებმა საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ. ბესიკ ლიპარტელიანს და კალათბურთის ფედერაციას წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხდა ლიპარტელიანმა.
კენჭისყრამდე კი კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა განვლილი ოთხი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები შეაფასა.
როგორც მერაბ რატიშვილმა აღნიშნა, განვლილ პერიოდში შეიქმნა სუპერლიგა, რომლის მატჩების ტრანსლაცია „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით მიმდინარეობს.
"მატჩებს ემსახურება თანამედროვე ტექნიკა და ხდება სტატისტიკის აღრიცხვა, რომელიც განთავსებულია ჩვენ ვებგვერდებზე. ვატარებთ ასაკობრივ ჩემპიონატებს. აგრეთვე ქალთა პირველობებს. ყოველ წელს იმართება საქართველოს თასის გათამაშება და დუდუ დადიანის, ზურაბ საკანდელიძის და ოთარ ქორქიას მემორიალები. ტარდება სემინარები, ჩვენი სამი მსაჯი ზაზა მაჩალაძე, მაკა კუპატაძე და დავით ბერეკაშვილი კი „ფიბას" ეგიდით გამართულ მატჩებს მსაჯობენ", - განაცხდა რატიშვილმა.
კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თქმით, ახლახანს თბილისში იმყოფებოდა „ფიბას" გენერალური მდივანი ნარ ზანოლინი, რომელიც "დაგვპირდა რომ 2011 წელს საქართველოში ჩატარდება ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი".
"ამისთვის საჭიროა სპორტის სასახლის გარდა, სკას დარბაზის და სპორტის დეპარტამენტის დარბაზის შეკეთება. ამ საქმეში კი აქტიურ დახმარებას გვპირდება სპორტის დეპარტამენტი, რომელიც განვლილი წლების განმავლობაშიც მხარში გვიდგა და მუდამ გვეხმარებოდა", - განაცხადა რატიშვილმა.